ახალი ამბები

სააკაშვილს სასამართლოზე არ მისცეს უფლება, უკრაინულად ესაუბრა

22 დეკემბერი, 2022 • 1112
სააკაშვილს სასამართლოზე არ მისცეს უფლება, უკრაინულად ესაუბრა

მიხეილ სააკაშვილმა, – რომელიც მრავალკვირიანი მოთხოვნების შემდეგ პირველად ჩართეს დისტანციურად საკუთარ სასამართლო სხდომაზე, – სასამართლოს უკრაინულ ენაზე მიმართა, რის შემდეგაც ხმა გამოურთეს.

ექსპრეზიდენტის ადვოკატმა შალვა ხაჭაპურიძემ მოუწოდა სააკაშვილს, ეჩვენებინა სასამართლოსა და საზოგადოებისათვის, თუ რეალურად რა მდგომარეობაშია, და სთხოვა, წამომდგარიყო, პერანგი გაეხადა და სხეულის დაზიანებები ეჩვენებინა.

მოსამართლემ სააკაშვილს ამის უფლება არ მისცა და განაცხადა, რომ სააკაშვილს შეეძლო, წამომდგარიყო და სიტყვით მიემართა სასამართლოსთვის, თუმცა, თუკი გახდას დაიწყებდა, პირდაპირი ეთერიდან გამორთავდნენ.

ამის შემდეგ სააკაშვილმა სასამართლოს უკრაინულად მიმართა. „ბატონო მიხეილ, ქართულად ბრძანეთ“, – მიმართა მას მოსამართლე გიორგი არევაძემ, თუმცა სააკაშვილმა უპასუხა, რომ იგი უკრაინის მოქალაქეა.

ადვოკატმა შალვა ხაჭაპურიძემ მოსამართლეს მოუწოდა, მოიყვანონ თარჯიმანი, თუმცა მოსამართლემ თქვა, რომ სააკაშვილი საუბრობს ქართულად, სასამართლო ქართულ ენაზე მიმდინარეობს და მას შემდეგ, რაც სააკაშვილმა კვლავ უკრაინულად განაგრძო საუბარი, პირდაპირი ეთერიდან გამორთო.

სასამართლო პროცესი დროებით შეჩერებულია.

განახლება: მოსამართლის განცხადებით, შესვენება გამოცხადდა, რადგან ინტერნეტის ტექნიკური ხარვეზის გამო გაწყდა კავშირი და ხარვეზის აღმოფხვრაზე კვლავ მუშაობენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი