ახალი ამბები

თბილისში ავტობუსის დაჯახების შედეგად ქვეითი დაიღუპა

21 დეკემბერი, 2022 • 1059
თბილისში ავტობუსის დაჯახების შედეგად ქვეითი დაიღუპა

თბილისში, მოსკოვის გამზირზე, ავტობუსის დაჯახების შედეგად ქვეითი დაიღუპა.

ინფორმაცია თავდაპირველად ტელეკომპანია „ფორმულამ“ გაავრცელა და „ნეტგაზეთს“ შესაბამის უწყებებში დაუდასტურეს.

შემთხვევა 14 დეკემბერს მოხდა. „ფორმულას“ თანახმად, 305-ე ავტობუსი, – რომლის მძღოლიც ნასვამი იყო, – დაეჯახა ქვეითს, ხოლო ქვეითი კლინიკაში მიყვანისთანავე გარდაიცვალა.

თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში „ნეტგაზეთს“ განუცხადეს, რომ „საქმეს იძიებს შესაბამისი უწყება“.

„ნეტგაზეთს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, რომ გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით, რაც გულისხმობს მძღოლის მიერ ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

მუხლი 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. შსს-ში ასევე ამბობენ, რომ მიმდინარეობს გამოძიება და ჯერჯერობით არავინ არ არის დაკავებული.

სატრანსპორტო კომპანია ასევე აცხადებს, რომ მისთვის „მთავარი პრიორიტეტი, რასაკვირველია, არის მგზავრების უსაფრთხო გადაყვანა მუნიციპალური ტრანსპორტით“, რის გამოც „მუდმივად ხორციელდება სხვადასხვა პოზიციაზე დასაქმებული თანამშრომლების ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგი, როგორც ზოგადად, ასევე ალკოჰოლურ და ნარკოლოგიურ სიფხიზლეზე“.

„მონიტორინგის სამსახურის მიერ შემოწმება ხდება მუდმივად, მოულოდნელი შერჩევის პრინციპით, რეიდების სახით, ისეთ ადგილსა და დროში, რასაც მძღოლები არ ელოდებიან. იმ შემთხვევაში, თუკი გამოვლინდება რაიმე სახის დარღვევა, დაუყოვნებლივ ხდება მკაცრი რეაგირება“, – აცხადებენ კომპანიაში.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი