ახალი ამბები

მესის კოლაჟი თასით Instagram-ზე ყველა დროის ყველაზე მოწონებადი პოსტი გახდა

20 დეკემბერი, 2022 • 1572
მესის კოლაჟი თასით Instagram-ზე ყველა დროის ყველაზე მოწონებადი პოსტი გახდა

არგენტინელი ფეხბურთელის, ლიონელ მესის Instagram პოსტმა რეკორდული რაოდენობის მოწონებები დააგროვა და ამ მაჩვენებლით პირველ ადგილს იკავებს.

პოსტს, რომელიც თასით ხელში მესის ფოტოების კოლაჟს აერთიანებს, ამ დროისთვის 63 მილიონზე მეტი მოწონება აქვს და რამდენიმე მილიონით აჭარბებს კვერცხის ფოტოს, რომელიც 57 მილიონზე მეტი მოწონებით Instagram-ზე ამ რეკორდს ინარჩუნებდა.

 

View this post on Instagram

 

A post shared by Leo Messi (@leomessi)

როგორც BBC წერს, კვერცხის ფოტოს გარშემო მრავალი სპეკულაცია არსებობდა. სურათი 2019 წელს @world_record_egg-ის ანგარიშიდან აიტვირთა და ამ დრომდე, აღნიშნული ანგარიშით გამოქვეყნებული ერთადერთი ფოტოა.

ბევრი მიიჩნევდა, რომ ეს სარეკლამო კამპანიის ფარგლებში ხდებოდა, თუმცა მოგვიანებით, ბრიტანელმა მარკეტოლოგმა კრის გოდფრეიმ განაცხადა, რომ ფოტოს გავრცელების იდეა მას და მის ორ კოლეგას ეკუთვნის და მხოლოდ ერთი მიზანი ამოძრავებდათ — მოეგროვებინათ რაც შეიძლება მეტი მოწონება სოციალურ ქსელში.

 

View this post on Instagram

 

A post shared by Egg Gang 🌎 (@world_record_egg)

მანამდე, Instagram-ზე ყველაზე მეტი მოწონება ამერიკელი ვარსკვლავის, კაილი ჯენერის შვილის ფოტოს ეკუთვნოდა. პოსტი ჯენერმა 2018 წელს გამოაქვეყნა და 18 მილიონი მომხმარებლის მოწონება დაიმსახურა.

2022 წლის მსოფლიო თასის გამარჯვებული არგენტინის ეროვნული საფეხბურთო ნაკრები გახდა. მან საფრანგეთის ეროვნული ნაკრები დაამარცხა.ამ შედეგით არგენტინა, 1978 და 1986 წლებში მოპოვებული გამარჯვებების შემდეგ, მესამედ გახდა მსოფლიო თასის მფლობელი.

ანგარიში არგენტინის კაპიტანმა ლიონელ მესიმ მატჩის პირველ ნახევარში, 23-ე წუთზე გატანილი პენალტით გახსნა, მეორე გოლი კი საფრანგეთს ანხელ დი მარიამ გაუტანა 36-ე წუთზე.

მატჩის მეორე ნახევარი დასასრულისკენ მიდიოდა, როცა არგენტინამ სენსაციურად მოკლე დროში დაკარგა უპირატესობა: მე-80 წუთზე კილიან მბაპეს მიერ გატანილი პენალტით და 81-ე წუთზე მის მიერვე გატანილი მეორე ბურთით ანგარიში გათანაბრდა.

დამატებით დროში, მეორე დამატებულ ტაიმში, ლიონელ მესის გოლით არგენტინის ნაკრები ისევ დაწინაურდა ანგარიშით 3:2, თუმცა კილიან მბაპეს მიერ გატანილმა პენალტმა ანგარიში კვლავ გაათანაბრა.

საბოლოოდ, მეტად დაძაბული ფინალის ბედი პენალტების სერიამ გადაწყვიტა, რომელშიც არგენტინამ გაიმარჯვა ანგარიშით 4:2 და მსოფლიო თასის მფლობელიც გახდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი