დანაშაულის ნიშნების არარსებობის გამო ახალგორელი სამოქალაქო აქტივისტის, თამარ მეარაყიშვილის წინააღმდეგ 2017 წელს ოსური მხარის მიერ დაწყებული სისხლის სამართლის საქმე დაიხურა. ამის შესახებ ინფორმაცია მეარაყიშვილმა პროკურატურიდან მიღებული ოფიციალური წერილის საფუძველზე გაავრცელა.
ახალგორელი აქტივისტი 2017 წლის 16 აგვისტოს ე.წ. სამხრეთ ოსეთის მილიციამ საცხოვრებელ სახლთან ყოველგვარი ახსნა-განმარტების და შესაბამისი ორდერის გარეშე დააკავა. მოგვიანებით მას ბრალი წარედგინა პარტია „ერთიანი ოსეთის“ ცილისწამების, სამხრეთ ოსეთის მოქალაქეობის უკანონო მოპოვებისა და ყალბი დოკუმენტების გამოყენებისთვის. თამარ მეარაყიშვილის მიმართ ბრალის წარდგენიდან 5 წელზე მეტი გავიდა. ამ ხნის განმავლობაში მას შეზღუდული აქვს გადაადგილების თავისუფლება და ფაქტობრივ შინაპატიმრობაშია.
მეარაყიშვილის ცნობითვე, ოფიციალური დოკუმენტის შესაბამისად, მას მატერიალური და მორალური ზიანისთვის რეაბილიტაციის საშუალებაც მიეცემა.
თამარ მეარაყიშვილის თქმით, ხუთ წელზე მეტი ხნის განმავლობაში სასამართლომ რამდენჯერმე გაამართლა, თუმცა ყოველ ჯერზე პროკურატურა გადაწყვეტილებას ასაჩივრებდა.
თამარ მეარაყიშვილი კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის უფლებების დასაცავად გაწეული თავდაუზოგავი შრომისათვის საქართველოს სახალხო დამცველმა გაეროსა და ვაცლავ ჰაველის ადამიანის უფლებათა პრიზებზე წარადგინა. 2018 წელს საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს საელჩომ ადამიანის უფლებათა ტიტა გადასცა. იმავე წელს მეარაყიშვილი „ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის“ სამხრეთ კავკასიის რეგიონულმა ბიურომ 2018 წლის “ჩარევა სასურველიას” გამარჯვებულად დაასახელა.