ახალი ამბები

შსს 3 ახალ ფრანგულ შვეულმფრენს ყიდულობს

20 დეკემბერი, 2022 • 830
შსს 3 ახალ ფრანგულ შვეულმფრენს ყიდულობს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, უწყება 3 ახალ შვეულმფრენს შეისყიდისფრანგული კომპანია Airbus Helicopters-სგან. უკვე გაფორმდა შესაბამისი ხელშეკრულება, რომელსაც ხელს აწერენ საქართველოს მხრიდან სასაზღვრო პოლიციის უფროსი – ნიკოლოზ შარაძე, ხოლო მომწოდებელი კომპანიის მხრიდან – Airbus Helicopters-ის წარმომადგენელი, რომეინ ლანა.

უწყების განცხადებით, საუბარია H145-ის ტიპის 3 შვეულმფრენზე, რომელთა ჯამური ღირებულება დაახლოებით 26 500 000 ევროს შეადგენს.

შსს-ში აცხადებენ, რომ ხელშეკრულების პირობის მიხედვით წლების წინ მაღალი თანამდებობის პირებისთვის შესყიდულ AS332 L1e S/N 2833-ის (სუპერ პუმა) შვეულმფრენს ქართული მხარე Airbus Helicopters-ს გადასცემს. აღნიშნული ბორტის პრივატიზებით ახალი შვეულმფრენების შესყიდვისთვის სახელმწიფოს გასაწევი ხარჯი 5 500 000 ევროს ოდენობით დაიზოგება.

უწყების თქმით, H145 მრავალფუნქციური შვეულმფრენია, რომელსაც შეუძლია შეასრულოს პოლიციური, სატრანსპორტო, სამძებრო და სამაშველო ფუნქციები.

შსს-ს განცხადებით, ახალი შვეულმფრენები სრულად იქნება დაკომპლექტებული ხანძართან ბრძოლისა და სამთო-სამაშველო აღჭურვილობით. ამასთან, უწყებაში აღნიშნავენ, რომ მათ გააჩნიათ 2 ძრავა, რაც ზრდის ფრენის უსაფრთხოებას. შსს-ს თქმით, ამ ტიპის შვეულმფრენი მაღალ სიმაღლეზე ოპერირებისა და მანევრის შესაძლებლობებით გამოირჩევა, რაც, საქართველოს მაღალმთიანი რელიეფის გათვალისწინებით, არსებულ ამოცანებთან სრულად თავსებადი იქნება.

უწყების თქმით, H145 წარმოადგენს “Airbus”-ის ერთ-ერთ უახლეს მოდელს, რომელსაც წარმატებით იყენებენ გერმანიის, შვეიცარიის, საფრანგეთის, კანადისა და სხვა ქვეყნების პოლიციისა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურები.

შინაგან საქმეთა სამინისტროს თქმით, გაფორმებული ხელშეკრულების შესაბამისად, ქართულ მხარეს პირველი შვეულმფრენი კონტრაქტის ხელმოწერიდან 17 თვეში გადმოეცემა, ხოლო სამივე საავიაციო ტექნიკა 20 თვემდე პერიოდში საქართველოში იქნება სრულ საფრენოსნო მდგომარეობაში.

კონტრაქტი ახალი შვეულმფრენების შეძენასთან ერთად მოიცავს პილოტებისა და ინჟინრების გადამზადებას, მარაგი ნაწილების შეძენასა და 3-წლიან საქარხნო გარანტიას.

მასალების გადაბეჭდვის წესი