გენერალური პროკურატურის ცნობით, ბრალი წარუდგინეს პირს, რომელმაც ახალქალაქში, საცხოვრებელ ბინასთან ქალს ასაფეთქებელი ნივთიერება დაუტოვა. შემთხვევა 13 დეკემბერს მოხდა, რის შედეგადაც არავინ დაშავებულა, თუმცა დაზიანდა ქალის საცხოვრებელი ბინა.
უწყების ცნობით, დაკავებულს ბრალი წარედგინა გენდერის ნიშნით, დამამძიმებელ გარემოებებში მომხდარი განზრახ მკვლელობის მცდელობის, სექსუალური ხასიათის კავშირის იძულებისა და ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტზე.
პროკურატურამ დაკავებულს ბრალდება წარუდგინა სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე მუხლის „ბ“ და „თ“ ქვეპუნქტებით, რაც გულისხმობს განზრახ მკვლელობის მცდელობას დამამძიმებელ გარემოებებში; 139-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც გულისხმობს სექსუალური ხასიათის შეღწევის იძულებას და 236-ე მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილებით, რაც ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვას და ტარებას გულისხმობს. აღნიშნული ბრალდება 16-დან 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.