ახალი ამბები

პარლამენტმა 2023 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა

15 დეკემბერი, 2022 • 1370
პარლამენტმა 2023 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა

საქართველოს პარლამენტმა 2023 წლის ბიუჯეტი 84 ხმით, ერთის წინააღმდეგ დაამტკიცა.

ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, მომავალი წლის ბიუჯეტი დაგეგმილია 5%-იან ეკონომიკურ ზრდაზე, ნომინალური მშპ 79 მილიარდ 685 მილიონ ლარს შეადგენს. ბიუჯეტის დეფიციტი 2.8 %-ია. 2023 წელს განსაზღვრული სესხების დაბრუნების და სხვა შემოსავლების მაჩვენებლები ჯამურად იზრდება 270,0 მლნ ლარით.

„ამ ცვლილებების გათვალისწინებით, 2023 წლის ბიუჯეტის პროექტის საბოლოო ვარიანტში, მის წინა ვერსიებთან შედარებით, ფინანსური რესურსი იზრდება 660,0 მლნ ლარზე მეტით. შემოსულობები სახელმწიფო ბიუჯეტში 2023 წელს გაიზრდება 2,1 მლრდ ლარით, 2022 წლის ბიუჯეტთან შედარებით, და დაახლოებით 21,9 მლრდ ლარს შეადგენს. ამასთან, შემოსავლები გაიზრდება 1,8 მლრდ ლარით და დაახლოებით 17,6 მლრდ ლარს შეადგენს“, — განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა.

რაც შეეხება ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილს, მინისტრის ინფორმაციით, სახელმწიფო ბიუჯეტის ასიგნებების მოცულობა 2023 წელს დაახლოებით 2 მლრდ ლარით გაიზრდება და 21,9 მლრდ ლარს შეადგენს.

სახელმწიფო ბიუჯეტიდან ყველაზე მეტ თანხას ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო მიიღებს, რომლის ბიუჯეტი 6,9 მლრდ ლარი იქნება.

რეგიონული განვითარების სამინისტროს ბიუჯეტი საწყისი პროგნოზით 2023 წელს დაახლოებით 3,3 მლრდ ლარს შეადგენს.

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ბიუჯეტი იქნება დაახლოებით 2 მლრდ ლარი.

თავდაცვის სამინისტროს ბიუჯეტი 1,3 მლრდ ლარს შეადგენს, შინაგან საქმეთა გაზრდილი ბიუჯეტი კი 1,1 მლრდ ლარს შეადგენს.

კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს თანამშრომლების ხელფასები 10%-ით გაიზრდება , ხოლო უწყების ბიუჯეტი შეადგენს 431,2 მლნ ლარს.

მთავრობის ადმინისტრაციის ბიუჯეტი 22 მლნ ლარს, ხოლო პრეზიდენტის ადმინისტრაციის ბიუჯეტი 9,3 მლნ ლარს შეადგენს.

მასალების გადაბეჭდვის წესი