ახალი ამბები

„სისტემამ მსოფლიოს დასანახად გაიფარჩაკა თავი“ – სააკაშვილი კადრების გავრცელებაზე

15 დეკემბერი, 2022 • 664
„სისტემამ მსოფლიოს დასანახად გაიფარჩაკა თავი“ – სააკაშვილი კადრების გავრცელებაზე

მიხეილ სააკაშვილი „სივულურეს და უმსგავსობას“ უწოდებს ხელისუფლების მხრიდან მისი პატიმრობის კადრების გავრცელებას.

„გუშინ სისტემამ მთელი მსოფლიოს დასანახად გაიფარჩაკა ბოლომდე თავი. მე მინდა მივმართო ყველას, ვინც თავს ღირსების მქონე ადამიანად მიიჩნევს, თქვენი ადამიანურობის იმედი მაქვს. მსოფლიოს რომელიმე ქვეყანაში, რუსეთის ჩათვლით, გინახავთ ასეთი სიველურე და უმსგავსობა?” – წერს სააკაშვილი წერილში, რომელიც „მთავარმა არხმა“ გამოაქვეყნა.

„ყველაზე მეტად მეცოდება მედპერსონალი, რომელიც ყაჩაღთა ბანდას აყვანილი ჰყავს და ყველანაირად ატერორებს. მე რაც არ უნდა მომივიდეს, ექიმებს ამაში ყველაზე ნაკლები დანაშაული მიუძღვით. და ნურავინ შეეცდება, მათ ხელი შეაწმინდოს“, – წერს სააკაშვილი.

„რაც შემეხება მე, შეგიძლიათ, განახორციელოთ თქვენი დაანონსებული მკვლელობის გეგმა, მაგრამ გატეხვით ვერ გამტეხავთ“, – წერს იგი.


სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა 14 დეკემბერს გაავრცელა პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილის კადრები.

პენიტენციური სამსახურის თანახმად, კადრები ასახავს „მიხეილ სააკაშვილის სიმულაციურ ქმედებებს, რომლის მიზანია მართლმსაჯულების განხორციელებისთვის ხელის შეშლა და საზოგადოებისა და საერთაშორისო პარტნიორების შეცდომაში შეყვანა.“

სამსახური ვიდეოჩანაწერების გავრცელებას მაღალი საზოგადოებრივი ინტერესით ხსნის.

ვიდეო, რომელიც პენიტენციური სამსახურის ფეისბუკის გვერდით გავრცელდა, 10 წუთზე მეტხანს გრძელდება და სხვადასხვა პერიოდის კადრებს აერთიანებს.

ვიდეოს მსვლელობისას რიგ შემთხვევებში მოჩანს ჩანაწერის გაკეთების თარიღი, ზოგ შემთხვევაში კი ეს არ იკითხება.

გავრცელებულ ვიდეოში ბოლო კადრი 12 დეკემბრითა დათარიღებული, სადაც ჩანს სააკაშვილის ყავარჯნით გადაადგილება.

კადრების გამოქვეყნებამდე იუსტიციის მინისტრი, რატი ბრეგაძე აცხადებდა, რომ „თუ სააკაშვილის მხრიდან არ შეწყდებოდა სიმულაციური ქმედებები, კადრები გასაჯაროვდებოდა“.

პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა ამ საკითხის შესწავლა დაიწყო.

სააკაშვილის ადვოკატმა, შალვა ხაჭაპურიძემ განაცხადა, რომ „პატიმრის ნებართვის გარეშე პენიტენციური სამსახურის მიერ კადრების გავრცელება არის სისხლის სამართლის დანაშაული“.


მიხეილ სააკაშვილის ადვოკატები მის სასამართლო პროცესზე დისტანციურად დასწრებას ითხოვენ, თუმცა პატიმარს 14 დეკემბრის სხდომაზე ამის საშუალება არ მიეცა. მიზეზად ტექნიკური საშუალებების უქონლობა დასახელდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი