ახალი ამბები

სისხლის სამართლის დანაშაულია – ხაჭაპურიძე სააკაშვილის კადრების გასაჯაროებაზე

14 დეკემბერი, 2022 • 1263
სისხლის სამართლის დანაშაულია – ხაჭაპურიძე სააკაშვილის კადრების გასაჯაროებაზე

პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი, შალვა ხაჭაპურიძე აცხადებს, რომ პატიმრის ნებართვის გარეშე პენიტენციური სამსახურის მიერ კადრების გავრცელება არის სისხლის სამართლის დანაშაული.

„ეს [კადრების გავრცელება] არის სისხლის სამართლის დანაშაული. პატიმრის ნებართვის გარეშე მოხდა ამ ვიდეომასალის, ანუ პერსონალური მონაცემების გასაჯაროება. მერე დავამატოთ ამას ის, რომ დამონტაჟებულია, შეერთებულია სხვადასხვა პერიოდები და თუ ამაზე დავა დადგება და დამერწმუნეთ, დადგება დრო, ამისთვისაც მოვიცლით, ამ ვიდეომასალას ჩაუტარდება ექსპერტიზა და ექსპერტიზა დაადგენს ამ ვიდეომასალის…  შეუიარაღებელი თვალითაც კი ჩანს, რომ არის მონტაჟი, ზაფხულის, შემოდგომის, ზამთრის პერიოდი შეერთებულია და წარმოჩენილია იმ რაკურსით, როგორიც ხელისუფლებას აწყობდა.

გუშინ საღამოსვე გახდა ცხადი, ბატონ რატი ბრეგაძის განცხადებით, რომ ისინი დღეს არანაირი პროცესის გამართვას არ აპირებდნენ და პროცესის ჩაშლის შემდგომ ამ კადრების გამოქვეყნებას გეგმავდნენ“, – განაცხადა შალვა ხაჭაპურიძემ ტელეკომპანია ფორმულას ეთერში.

სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილის კადრები და განცხადება დღეს, 14 დეკემბრის საღამოს გაავრცელა.სამსახურის თანახმად, კადრები ასახავს „მიხეილ სააკაშვილის სიმულაციურ ქმედებებს, რომლის მიზანია მართლმსაჯულების განხორციელებისთვის ხელის შეშლა და საზოგადოებისა და საერთაშორისო პარტნიორების შეცდომაში შეყვანა.“

სამსახური ვიდეოჩანაწერების გავრცელებას მაღალი საზოგადოებრივი ინტერესით ხსნის.

ვიდეო, რომელიც პენიტენციური სამსახურის ფეისბუკის გვერდით გავრცელდა, 10 წუთზე მეტხანს გრძელდება და სხვადასხვა პერიოდის კადრებს აერთიანებს.

ვიდეოს მსვლელობისას რიგ შემთხვევებში მოჩანს ჩანაწერის გაკეთების თარიღი, ზოგ შემთხვევაში კი ეს არ იკითხება.

გავრცელებულ ვიდეოში ბოლო კადრი 12 დეკემბრითა დათარიღებული, სადაც ჩანს სააკაშვილის ყავარჯნით გადაადგილება.

კადრების გამოქვეყნებამდე იუსტიციის მინისტრი, რატი ბრეგაძე აცხადებდა, რომ „თუ სააკაშვილის მხრიდან არ შეწყდებოდა სიმულაციური ქმედებები, კადრები გასაჯაროვდებოდა“.

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატები მის სასამართლო პროცესზე დისტანციურად დასწრებას ითხოვენ, თუმცა პატიმარს 14 დეკემბრის სხდომაზე ამის საშუალება არ მიეცა. მიზეზად ტექნიკური საშუალებების უქონლობა დასახელდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი