ახალი ამბებიკომენტარი

ალბათ, საჭიროა სააკაშვილის კადრების გავრცელება, ქვეყნის იმიჯი რომ არ დააზიანონ- კობახიძე

14 დეკემბერი, 2022 • 1925
ალბათ, საჭიროა სააკაშვილის კადრების გავრცელება, ქვეყნის იმიჯი რომ არ დააზიანონ- კობახიძე

“ქართული ოცნების” თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, იმისათვის, რომ “ტყუილები არ გავრცელდეს”, რაღაც მომენტში აუცილებელი გახდება მიხეილ სააკაშვილის ვიდეოკადრების გავრცელება.

მისივე თქმით, სააკაშვილზე ამდენი საუბარი “აღმაშფოთებელია და ყელში ამოვიდა”.

“თავის დროზე გახსოვთ, ხალხს ატყუებდნენ, რომ სააკაშვილი შიმშილობდა. მერე სამინისტრომ გამოიტანა კადრები, სადაც ჩანს, რომ არ შიმშილობს და დამთავრდა მთელი ეს ტყუილები და სპეკულაცია. მერე იყო კიდევ, აწამესო, გამოვიდა იქაც კადრები, სადაც ჩანს, რომ არ აწამეს და პირიქით, კანონს არღვევდა, წინააღმდეგობას უწევდა ბადრაგს და ა.შ.

ეს ტყუილები რომ არ გავრცელდეს და ქვეყნის იმიჯი რომ არ დააზიანოს, ალბათ, რაღაც მომენტში აუცილებელიც იქნება ასეთი კადრების გასაჯაროება. მით უმეტეს, რომ მეორე მხარე, რასაც „ნაცმოძრაობა“ ჰქვია, ხან ფოტოებს დებს, ხან შერჩევით დიაგნოზის ნაწილებს და ა.შ. იმისთვის, რომ ვერ მოახერხონ, თუნდაც მინიმალურ დონეზე, ქვეყნის გარეთ თუ შიგნით ქვეყნის იმიჯის დაზიანება, ალბათ, რაღაც მომენტში საჭიროა მეტი ინფორმაციის გავრცელება, იქნება ეს ვიდეოკადრები თუ სხვა ინფორმაცია”, – განაცხადა კობახიძემ.

კობახიძეს არ დაუკუნკრეტებია, რა კადრების გასაჯაროებაზეა საუბარი და სად ნახა პირადად ეს კადრები.

კითხვაზე, რატომ ვერ მოხერხდა სააკაშვილის ჩართვა დღევანდელ სასამართლო პროცესზე, კობახიძე ამბობს, რომ “ამაზე პასუხის გამცემი შესაბამისი უწყებები არიან”.


დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში კვლავ ვერ გაიმართა მიხეილ სააკაშვილის პროცესი. ამის მიზეზი კი ის იყო, რომ პენიტენციური სამსახურის თქმით, მათ 1 კვირის მანძილზე ვერ მოახერხეს სააკაშვილის დისტანციურად ჩართვა.

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის, შალვა ხაჭაპურიძის განცხადებით, პატიმრობაში მყოფმა ექსპრეზიდენტმა შიმშილობა გამოაცხადა. ხაჭაპურიძის თქმით, გადაწყვეტილება დღევანდელ სასამართლო პროცესს უკავშირდება, რომელზეც სააკაშვილს არც დასწრების და არც ონლაინ ჩართვის შესაძლებლობა არ მიეცა.

მასალების გადაბეჭდვის წესი