ახალი ამბები

„არგენტინა-ხორვატიის თამაში იყო, არ მეცალა” – ზარქუა ევროპარლამენტში დებატებზე

14 დეკემბერი, 2022 •
„არგენტინა-ხორვატიის თამაში იყო, არ მეცალა” – ზარქუა ევროპარლამენტში დებატებზე

„ქართული ოცნების“ დეპუტატი ირაკლი ზარქუა აცხადებს, რომ საქართველოს საკითხზე ევროპარლამენტში გამართულ დებატებს თვალი ვერ მიადევნა არგენტინისა და ხორვატიის საფეხბურთო ნაკრებების თამაშის გამო, თუმცა ამბობს, რომ „წარმოუდგენია, იქ რა იქნებოდა“:

„მომიტევეთ, გუშინ იყო არგენტინა-ხორვატიის თამაში, არ მეცალა, ვერ მოვიცალე და ვერ მივადევნე [თვალი]. თუმცა ახლა იქ ფოტიგა, კუბილიუსი და ის რომ იქნება, ბუნებრივია, იქ რა იქნებოდა, წარმომიდგენია. ბოდიშს გიხდით, ვერ მოვისმინე იმიტომ, რომ გუშინ ძალიან მნიშვნელოვანი თამაში იყო და ვულოცავ არგენტინას ფინალში გასვლას. ბოდიშს გიხდით კიდევ ერთხელ, არ მაქვს ინფორმაცია“, – აცხადებს ირაკლი ზარქუა ჟურნალისტებთან საუბრისას.

ასოცირების შეთანხმების იმპლემენტაციის შესახებ ევროპარლამენტის რეზოლუცია, რომელსაც 14 დეკემბერს ეყრება კენჭი, მოუწოდებს ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ჰუმანიტარული მიზნებით გათავისუფლებისკენ. ამ რეკომენდაციას იზიარებს ევროპარლამენტში წარმოდგენილი თითქმის ყველა პოლიტიკური პარტია, „ქართული ოცნების“ პარტნიორი სოციალისტების ჯგუფის ჩათვლით, რომელსაც წარმოადგენს მომხსენებელი საქართველოს საკითხზე და ასოცირების შეთანხმების შესრულებაზე ანგარიშის ავტორი სვენ მიკსერი. აღნიშნულ საკითხზე ევროპარლამენტში გუშინ, 13 დეკემბერს დებატებიც გაიმართა.

მასალების გადაბეჭდვის წესი