ახალი ამბები

ბოსნია და ჰერცეგოვინა EU-ს კანდიდატი ქვეყანა გახდება – მედია

13 დეკემბერი, 2022 • 616
ბოსნია და ჰერცეგოვინა EU-ს კანდიდატი ქვეყანა გახდება – მედია

მას შემდეგ, რაც ევროკომისიამ მხარი დაუჭირა ბოსნია და ჰერცეგოვინისთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების რეკომენდაციას, დასავლური მედია იუწყება, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყნები ამ რეკომენდაციას გაიზიარებენ და ბოსნია და ჰერცეგოვინა კანდიდატი ქვეყნის სტატუსს მოიპოვებს.

Reuters-ის თანახმად, ქვეყნებმა ამგვარ გადაწყვეტილებას მხარი უკვე დაუჭირეს, ოფიციალური გადაწყვეტილება კი ხუთშაბათს, ბრიუსელში გამართულ სამიტზე გახდება ცნობილი.

იმ შემთხვევაში, თუ ბოსნია და ჰერცეგოვინას კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიენიჭება, ის უკრაინასთან, მოლდოვასთან, თურქეთთან, სერბეთთან, ალბანეთთან, ჩრდილოეთ მაკედონიასთან და მონტენეგროსთან ერთად გახდება მერვე ქვეყანა, რომელსაც ამგვარი სტატუსი ექნება.

მანამდე, 2022 წლის ოქტომბერში, ევროკომისიამ მხარი დაუჭირა ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას 14 პირობის გათვალისწინებით, რომლებიც მოიცავს რეფორმებს დემოკრატიის, სახელმწიფო ინსტიტუტების ფუნქციონირების, კანონის უზენაესობის, კორუფციისა და ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის, მედიის თავისუფლების, მიგრაციის კონტროლისა და სხვა სფეროებში.

ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, „კომისიამ მხარი დაუჭირა ბოსნია და ჰერცეგოვინისთვის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებას“, მან ასევე ისაუბრა საქართველოს შესახებაც.

„ჩვენ ასევე ვაღიარეთ საქართველოს ევროპული პერსპექტივაც, ამიტომ ცვლილებების ქარი კიდევ ერთხელ ქრის ევროპაში და ჩვენ აუცილებლად უნდა დავიჭიროთ შესაბამისი მომენტი“, – განაცხადა მან.

აქამდე, მრავალი წლის განმავლობაში, ბოსნია და ჰერცეგოვინა ევროკავშირის პოტენციური კანდიდატი იყო.

იმ შემთხვევაში, თუ სარაევოს „მწვანე შუქს აუნთებე“, მაშინ პოტენციურ კანდიდატებად მხოლოდ ორი სუბიექტი, საქართველო და კოსოვო დარჩებიან, ამ უკანასკნელის დამოუკიდებლობას კი ევროკავშირის წევრი სახელმწიფოთა ნაწილი არ აღიარებს, რაც ძნელად წარმოსადგენს ხდის, უახლოეს მომავალში ევროკავშირში გაწევრიანდეს.

რაც შეეხება საქართველოს, განსხვავებით მოლდოვისა და უკრაინისგან, რომლებმაც უკვე მიიღეს კანდიდატი წევრის სტატუსი პირობებით, მხოლოდ დასჯერდა პირობებიან პოტენციური კანდიდატის სტატუსს. საქართველომ, მოლდოვამ და უკრაინამ გაერთიანებაში გაწევრიანების განაცხადი პრაქტიკულად ერთად, უკრაინაში ომის დაწყების პარალელურად გააკეთეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი