ახალი ამბები

ევროპარლამენტარებმა და სააკაშვილის ოჯახის წევრებმა სტრასბურგში ბრიფინგი გამართეს

12 დეკემბერი, 2022 • 6314
ევროპარლამენტარებმა და სააკაშვილის ოჯახის წევრებმა სტრასბურგში ბრიფინგი გამართეს

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ოჯახის წევრებმა, ევროპარლამენტარებმა და მისმა ადვოკატმა ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით სტრასბურგში, ევროპარლამენტის შენობაში ბრიფინგი გამართეს.

ბრიფინგზე სიტყვით ყოფილი პრეზიდენტის უფროსი შვილი, ედუარდ სააკაშვილი გამოვიდა. მისი თქმით, ოჯახს ეშინია, რომ შესაძლოა სააკაშვილს “რამე საშინელება” დაემართოს, ამის თავიდან არიდებისთვის კი მისი თქმით, გამოსავალი მკურნალობის საზღვარგარეთ გაგრძელებაშია:

“როცა ვნახულობ ციხეში თუ კლინიკაში ყოველ ჯერზე ვხედავ, რომ ის უარესადაა, უფრო ავადაა, და ადამიანი, რომელიც იყო ენერგიული, ამბიციური, ქარიზმატული, ნელ-ნელა ქრება. ჩვენ, ოჯახის წევრები ძალიან შეშფოთებული და ანერვიულებული ვართ ამის გამო.

ჩვენ ვხედავთ, რომ მისი მდგომარეობა უარესდება დღიდან დღემდე. უკვე 6 თვეა, რაც საავადმყოფოშია მაგრამ ეტყობა სათანადო მზრუნველობას არ იღებს და ამიტომ მისი მდგომარეობა უარესდება. ჩვენ ძალიან მადლობლები ვართ იმ მხარდაჭერისთვის, რომელსაც ვგრძნობთ. მაგრამ სიტუაცია ძალიან დამძიმდა და რაღაც უნდა შეიცვალოს.

ძალიან გვეშინია, რომ რამე საშინელება არ დაემართოს მას. და ვცდილობთ, ჩვენი ოჯახისთვის ამ მძიმე პერიოდში გამოვძებნოთ გამოსავალი და გამოსავალი არის ძალიან მარტივი, როგორც იურიდიულად, ასევე მორალურად – მიეცეს მას საშუალება, რომ იმკურნალოს საზღვარგარეთ სათანადო კლინიკაში.

ძალიან დიდი მხარდაჭერა გვაქვს ჩვენი მეგობრებისგან ევროპაში მაგრამ ვითარება ძალიან მძიმეა და რაღაც უნდა შეიცვალოს. რა მოხდება, რა იქნება შემდეგი ნაბიჯი ჩვენთვის ნათელი არ არის, მაგრამ აუცილებლად უნდა მოხდეს ეს ცვლილება და მამაჩემის სიცოცხლე და ჯანმრთელობა უნდა გადარჩეს.

და იმედი მაქვს, მამაჩემი, მიხეილ სააკაშვილი ციხეში არ დაიღუპება”, – განაცხადა ედუარდ სააკაშვილმა [მთავარი არხის თარგმანი]

აღნიშნულ ბრიფინგს პოლონელი ევროპარლამენტარი კონსერვატორებისა და რეფორმატორების ჯგუფიდან ანა ფოტიგა უძღვებოდა. მისი თქმით, სააკაშვილის ციხეში ყოფნისას მასთან შეხვედრა მოითხოვა, თუმცა უარი მიიღო. ფოტიგას შეფასებით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ევროპარლამენტარებს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის ნახვის შესაძლებლობა ჰქონდეთ.

ამასთან, ფოტიგამ საქართველოს პრეზიდენტსა და პარლამენტს ყველა სამართლებრივი ბერკეტის გამოყენებისკენ მოუწოდა, რათა “ეს შემთხვევა ტრაგედიით არ დასრულდეს”:

“ჩვენ საქართველოს პრეზიდენტს და საქართველოს მთავრობას მივმართავთ, რომ გამოიყენონ მათ ხელთ არსებული სამართლებრივი ბერკეტები და ეს შემთხვევა არ დასრულდეს ტრაგედიით. ასევე, მას მოეპყრონ ადამიანური თვალსაზრისით სწორად და მისცენ საშუალება, რომ მიიღოს სათანადო მკურნალობა”, – განაცხადა ფოტიგამ [მთავარი არხის თარგმანი].

ბრიფინგზე ასევე სიტყვით გამოვიდა ევროპარლამენტარი, “ევროპის სახალხო პარტიის” წევრი, მირიამ ლექსმანი. მან ხაზი გაუსვა, რომ საქართველომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად გარკვეული პირობები უნდა შეასრულოს, მათ შორის კი არის თავისუფალი სასამართლო და ქვეყანაში პოლარიზაციის დაძლევა:

“ვფიქრობ, რომ საქართველოს სამართლებრივმა სისტემამ სწორი გადაწყვეტილება უნდა მიიღოს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობასთან მიმართებაში. ჩვენ ვფიქრობთ, რომ არსებობს ლეგალური ბერკეტი და ამიტომ ეს საკითხი სასამართლომ უნდა განიხილოს კანონის შესაბამისად.

როგორც ექსპერტების ანგარიშიდან ჩანს, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა მძიმდება და მას რამდენიმე თვე დარჩა და მე მჯერა ამ განცხადების. ამიტომ ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ საქართველოს ევროპული პერსპექტივა უზრუნველყოფილი იყოს და ეს არის საქართველოს მთავრობის ვალდებულება”, – განაცხადა ლექსმანმა [მთავარი არხის თარგმანი].

სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანის მნიშვნელობაზე ისაუბრა ყოფილი პრეზიდენტის ერთ-ერთმა ადვოკატმა, მასიმო დი ანჯელომაც. მისი თქმით, სააკაშვილს სასწრაფოდ სჭირდება დახმარება, რათა გადარჩეს:

“ის არის პოლიტიკური პატიმარი და სჭირდება გადაუდებელი დახმარება სიცოცხლის გადასარჩენად. მე მაქვს მასთან და ექსპერტებთან ურთიერთობა. მათ შეადგინეს ანგარიში, სადაც აღნიშნულია, რომ სააკაშვილი არამხოლოდ ნაწამები და მოწამლული იყო, არამედ მას აძლევენ წამლებს, რომელიც არ არის რეგისტრირებული საერთაშორისო სააგენტოების მიერ.

მას სჭირდება სასწრაფო დახმარება იმისთვის, რომ მისი სიცოცხლე გადარჩეს. ბიძინა ივანიშვილმა უნდა გადადგას ნაბიჯი, რომ შეარბილოს ის პოლარიზაცია, რომელიც დღეს საქართველოში არსებობს და ხელი შეუწყოს სააკაშვილის სამკურნალოდ გადაყვანას”, – განაცხადა დი ანჯელომ [მთავარი არხის თარგმანი] .

მასალების გადაბეჭდვის წესი