ახალი ამბები

დავითულიანის თქმით, ანა აბაშიძეს და ნაზი ჯანეზაშვილს მხარს არ დაუჭერენ

12 დეკემბერი, 2022 • 656
დავითულიანის თქმით, ანა აბაშიძეს და ნაზი ჯანეზაშვილს მხარს არ დაუჭერენ

საპარლამენტო უმრავლესობის წევრ ბექა დავითულიანის ინფორმაციით, მმართველი გუნდი მზადაა, იმსჯელოს სახალხო დამცველობის ნებისმიერ კანდიდატზე, გარდა ნაზი ჯანეზაშვილისა და ანი აბაშიძისა.

„არავითარი წინაპირობა არ გვაქვს შეთანხმებისთვის გარდა ერთისა – ვინც პარლამენტს ამ პროცესში არ გაუწია ელემენტარული ანგარიში და პატივისცემა არ გამოავლინა, არ მოვიდა და არ გააცნო თავის ხედვები; ვინც პირდაპირ შეურაცხყოფას არ აყენებს ჩვენს ამომრჩევლებს, ნებისმიერ კანდიდატზე დავილაპარაკებთ, სულ ერთია ვისზე, ამ ეტაპზე ასეთია ჩვენი პოზიცია“, — განაცხადა ბექა დავითულიანმა.

კითხვაზე ანა აბაძიძეს და ნაზი ჯანეზაშვილს გულისხმობს თუ არა, დავითულიანი პასუხობს, რომ ორივეს.

„ერთი არ მოვიდა, მეორემ პირდაპირ განაცხადა შეურაცხმყოფელი რაღაცები“, — თქვა დავითულიანმა და ამ კონტექსტში „ფეისბუქზე“ [აბაშიძის] პოსტი ახსენა.

მმართველი გუნდის წევრებმა ანა აბაშიძეს საკომიტეტო მოსმენის დროსაც დაადანაშაულეს „ქართული ოცნების“ ამომრჩევლის შეურაცხყოფაში..

2021 წლის 5-6 ივლისის მოვლენებისას ანა აბაშიძემ „ფეისბუქზე“ მონიშნა ორი გვერდი — „ქართული ოცნების“ და ირაკლი ღარიბაშვილის მხარდამჭერები — და ბიოდეგრადირებადი ნაგავი უწოდა.

სქრინი ანა აბაშიძის FB გვერდიდან

„ეს არის მანიპულაცია პოსტით. მე შეურაცხყოფა „ქართული ოცნების“ ამომრჩევლებისთვის არ მიმიყენებია“,  — ამბობს ანა აბაშიძე.

ის ბექა დავითულიანსაც მიმართავს:

„ამ ადამიანს შემიძლია ვუთხრა, მშვიდად და თავისუფლად არ დამიჭიროს მხარი“.

სახალხო დამცველის პოსტზე ნინო ლომჯარიას უფლებამოსილების ვადა ამოეწურა. პარლამენტი ახალი ომბუდსმენი 16 კანდიდატიდან უნდა აირჩიოს. არასამთავრობო ორგანიზაციები და ოპოზიცია მხარს უჭერენ ანა აბაშიძეს, ნაზი ჯანეზაშვილსა და გიორგი ბურჯანაძეს. „ქართულ ოცნებას“ თავისი კანდიდატი არ დაუსახელებია და მზადყოფნას გამოთქვამს ოპოზიციასთან კონსულტაციების გამართოს, თუმცა ოპოზიციისა და სამოქალაქო სექტორის შერჩეული 3-დან 2 კანდიდატის მხარდაჭერა უკვე გამორიცხა.

მასალების გადაბეჭდვის წესი