ახალი ამბები

სააკაშვილის პროცესის პარალელურად სასამართლოსთან აქცია იმართება

9 დეკემბერი, 2022 • 1928
სააკაშვილის პროცესის პარალელურად სასამართლოსთან აქცია იმართება

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესის პარალელურად თბილისის საქალაქო სასამართლოსთან აქცია მიმდინარეობს. სასამართლოს შენობასთან ყოფილი პრეზიდენტის მხარდამჭერები არიან შეკრებილი და სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით მისთვის სასჯელის გადავადებას ან გათავისუფლებას ითხოვენ.

დღევანდელ სხდომაზე განიხილება ყოფილი პრეზიდენტისთვის სასჯელის გადავადების ან მისი გათავისუფლების საკითხი. პროცესზე დასწრება სურდა თავად სააკაშვილსაც, თუმცა როგორც მოსამართლე გიორგი არევაძემ სხდომის დაწყებისას განაცხადა, ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე მისი ტრანსპორტირება მიზანშეწონილი არ არის.

სააკაშვილის ადვოკატმა შალვა ხაჭაპურიძემ დააყენა შუამდგომლობა სააკაშვილის ონლაინ ჩართვის შესახებ. თუმცა საბოლოოდ პროცესი 14 დეკემბრის 11:00 საათისთვის გადაიდო.

დღევანდელ პროცესთან დაკავშირებით სასამართლოსთან მივიდნენ ოპოზიციის წარმომადგენლებიც, მათ შორის სალომე სამადაშვილი, თაკო ჩარკვიანი, გიორგი ვაშაძე, ელენე ხოშტარია, ლევან ხაბეიშვილი, ნიკა მელია და სხვები.

მათი შეფასებით, დღევანდელი სხდომის გადადება პროცესის გაჭიანურების მცდელობაა, რაც მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობას დამატებით რისკებს უჩენს:

“ჩემთვის, ყველასთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ რაც შეიძლება სწრაფად დასრულდეს პროცესი. გულახდილად ვიტყვი, დასრულდეს ისე, როგორც აპირებენ და გადაწყვეტილება უკვე მიღებული აქვთ. საზოგადოებამ ჩვენი ჩათვლით განვსაზღვროთ, რისთვის უნდა ვიყოთ მზად. ამ პროცესის დროში გაწელვა მიუღებელია ყველასთვის და მე ვფიქრობ ოჯახისთვისაც მიუღებელი იქნება, დაცვის მხარისთვისაც და მიხეილ სააკაშვილისთვის პირველ რიგში. იმიტომ, რომ როდესაც ვსაუბრობთ მისი ჯანმრთელობის გაუარესებად მდგომარეობაზე, პრაქტიკულად დღითიდღე, იმის ფუფუნება, რომ ერთი თვე გაგრძელდეს ამ საკითხის განხილვა სასამართლო დარბაზებში და ამის შემდეგ გადაწყდეს მიხეილ სააკაშვილი არის უმძიმეს მდგომარეობაში თუ არა”, – განაცხადა ნიკა მელიამ.

სასამართლო სხდომის გადადებას გაჭიანურებად მიიჩნევს “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერი გიორგი ვაშაძეც. მისი თქმით, საზოგადოებას დღეს ჰქონდა მოლოდინი, რომ თუ ვერ მოხერხდებოდა სააკაშვილის პროცესზე ფიზიკურად მისი დასწრება, ის ონლაინ მაინც შეძლებდა ჩართვას, თუმცა ასე არ მოხდა:

“ქართული ოცნება ცდილობს მაქსიმალურად გაწელოს, საზოგადოებას არ აჩვენოს მიხეილ სააკაშვილის რეალური მდგომარეობა. დღეს, როგორც მინიმუმ იმის მოლოდინი ჰქონდა საზოგადოებას, რომ [ონლაინ] ჩართვა მაინც მოხდებოდა მაგრამ ამაზეც უარს ამბობენ. შესაბამისად, ვფიქრობ, რომ ამაზე უნდა იყოს მაქსიმალური რეაგირება ჩვენი მხრიდან.

“მკვლელებო” ეს არის აქ შეკრებილი საზოგადოების მიმართა “ქართული ოცნების” მიმართ. და მართლაც მკვლელები არიან ისინი. ადამიანები, რომლებსაც უნდათ, რომ ცუდად დამთავრდეს მიხეილ სააკაშვილის ვითარება. ჩვენ ოჯახთან გვინდა შეხვედრაზევე რომ შესაბამისი რეაგირება მოვახდინოთ”, – განაცხადა ვაშაძემ.

“ლელოს” წევრ სალომე სამადაშვილის თქმით კი იმ შემთხვევაში თუ სააკაშვილის მდგომარეობა არ არის “ისეთი მძიმე”, როგორც ამაზე “ქართული ოცნება” საუბრობს, მისთვის გაუგებარია რა უშლის ხელს სააკაშვილს საზოგადოების წინაშე გამოჩენისგან.

“პირველ რიგში ეს არის მაღალი საჯარო ინტერესი, რომ საზოგადოებას ჰქონდეს სრული ინფორმაცია სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე. თუ როგორც ხშირად ქართული ოცნების წარმომადგენლები იძახიან მისი მდგომარეობა არ არის ისეთი მძიმე როგორც წარმოჩენილია დამოუკიდებელი ექსპერტების დასკვნებით, მე ვერ ვხედავ, რა უშლის ხელს იმას, რომ მიხეილ სააკაშვილს მიეცეს შესაძლებლობა, რომ გამოჩნდეს საზოგადოების წინაშე”, – განმარტა სამადაშვილმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი