ახალი ამბები

თბილისის 2023 წლის ბიუჯეტი მთლიანობაში 1.768 მილიარდი ლარი იქნება – კალაძე

8 დეკემბერი, 2022 • 463
თბილისის 2023 წლის ბიუჯეტი მთლიანობაში 1.768 მილიარდი ლარი იქნება – კალაძე

თბილისის 2023 წლის ბიუჯეტი 1.768 მილიარდი ლარი იქნება. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ დღეს, 8 დეკემბერს მუნიციპალური მთავრობის სხდომის დაწყებისას განაცხადა.

მისი თქმით, აღნიშნული ბიუჯეტის ძირითადი თანხა 1.632 მილიარდი ლარი იქნება, საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებიდან მისაღები სესხი კი 136 მილიონი ლარი:

“საკრებულოს წარვუდგინეთ ბიუჯეტის პროექტის პირველადი ვერსია და ეს არ ყოფილა საბოლოო ვერსია. ვაწარმოებდით მოლაპარაკებას ფინანსთა სამინისტროსთან, ცენტრალურ ხელისუფლებასთან, რომ მომხდარიყო დამატებითი ტრანსფერის განხორციელება იმისთვის, რომ ყველა ის დაპირება, რაც გვაქვს, ეტაპობრივად შესრულდეს. ჩვენთვის, ქალაქისთვის და აქ მცხოვრებლებისთვის ამ პროექტების განხორციელება ძალიან მნიშვნელოვანია. დედაქალაქის მუნიციპალიტეტის საბოლოო ბიუჯეტი განისაზღვრა 1.632 მილიარდი ლარით.

შეგახსენებთ, 2022 წელს ეს თანხა შეადგენდა 1.560 მილიარდ ლარს. რაც შეეხება ფინანსთა სამინისტროსგან მისაღებ ტრანსფერს, ის 440 მილიონ ლარს, ხოლო საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებიდან მისაღები სესხი შეადგენს 136 მილიონ ლარს. მთლიანობაში 2023 წლის ბიუჯეტი იქნება 1.768 მილიარდი ლარი“, – განმარტა კალაძემ.

მერის თქმით, მომავალი წლის ბიუჯეტიდან 530 მილიონი ლარი სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მშენებლობას,აღდგენას და განვითარებას მოხმარდება, 243 მილიონი ინფრასტრუქტურული ობიექტების მშენებლობა-ექსპლუატაციისა და ავარიული შენობების გამაგრება-ჩანაცვლებას, ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებას კი 211 მილიონი ლარი.

ჯანდაცვისა და სოციალური მიმართულებებისთვის გამოყოფილი იქნება დაახლოებით 500 მილიონი ლარი.

ამასთან, კალაძის განცხადებით, 2023 წლისთვის მერიას დაგეგმილი აქვს სხვა მსხვილი პროექტებიც, მათ შორის 200 ერთეული 18-მეტრიანი ავტობუსის შესყიდვა; წერეთლის გამზირის სრული რეაბილიტაცია განახლება; დიდუბის ხიდის, უნივერსიტეტის ქუჩის, მშვიდობის ხიდის, სულხან-საბას, ინგოროყვასა და წინამძღვრიშვილის ქუჩების რეაბილიტაცია; ვაზისუბნის, ციციშვილის, მუხიანის, პირველი რესპუბლიკის პარკების რეაბილიტაცია და რეკრეაციული სივრცეები რეაბილიტირდება სამგორსა და ისანში.

კალაძის თქმით, მომავალი წლის ბიუჯეტით ასევე გათვალისწინებულია რამდენიმე საფეხმავლო ხიდის რეაბილიტაცია, კახეთის გზატკეცილზე არსებული მიწისქვეშა გადასასვლელების მოწესრიგება და “თბილსერვის ჯგუფისთვის” ტექნიკის შესყიდვა .

მასალების გადაბეჭდვის წესი