რუსი ჟურნალისტი ლეონიდ პარფიონოვი იუწყება, რომ საინფორმაციო-ანალიტიკურ გადაცემას ამიერიდან საქართველოდან, თბილისიდან წაიყვანს.
„ლაპარაკობს და უჩვენებს თბილისი“, – ამბობოს ტელეწამყვანი 6 დეკემბერს ინსტაგრამის საკუთარ არხზე გავრცელებულ ვიდეოში და დასძენს, რომ გადაცემას თბილისში, კოსტავას ქუჩაზე მდებარე ახლად მოწყობილ სტუდიაში ჩაწერს ხოლმე.
View this post on Instagram
62 წლის პარფიონოვის გადაცემა „ნამედნი“ (НМДНИ), – რომელიც 1990-იანი წლებიდან სხვადასხვა ფორმატში სხვადასხვა არხზე გადიოდა, – „იუტუბზე“ 2019 წლიდან გადის. ბოლო რამდენიმე თვეა, პარფიონოვს გადაცემა არ ჩაუწერია.
პარფიონოვს შექმნილი აქვს კიდევ ერთი იუტუბ არხი, „პარფენონი“, სადაც აქვეყნებს დოკუმენტურ ფილმებს საბჭოთა და რუსეთის ისტორიაზე. გადაცემა 1993-2003 წლებში NTV-ზე გადიოდა.
2010 წელს პარფიონოვმა მიიღო ლისტიევის ჯილდო (1995 წელს მოკლული ჟურნალისტის, ვლადისლავ ლისტიევის სახელობის ჯილდო); დაჯილდოების ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას პარფიონოვმა მწვავედ გააკრიტიკა რუსული ტელევიზიები მთავრობაზე მზარდი დამოკიდებულების გამო და ჟურნალისტებს „ბიუროკრატები“ უწოდა, რომლებიც „მორჩილების ლოგიკას ექვემდებარებიან“.
2022 წლის თებერვალში იგი რუსეთის ფედერაციის უკრაინაში შეჭრის წინააღმდეგ გამოვიდა.