ახალი ამბები

რომელი პოლიტიკოსი გინახავთ ომში გარდაცვლილი – ღარიბაშვილი

5 დეკემბერი, 2022 •
რომელი პოლიტიკოსი გინახავთ ომში გარდაცვლილი – ღარიბაშვილი

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს, რომლებიც უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ იმყოფებოდნენ, “პოპულისტი ფარისევლები” უწოდა და “კიევში სელფების გადაღების ნაცვლად”  წინა პლანზე ომისკენ მოუწოდა. ამის შესახებ მან დღეს, 5 დეკემბერს, მთავრობის სხდომის დაწყებამდე უკრაინაში დაღუპულ ქართველებზე საუბრისას განაცხადა.

მან დაღუპულების ოჯახის წევრებს მიუსამძიმრა და აღნიშნა, რომ უკრაინაში მიმდინარე ომში ქართველები “ომის პარტიას” მიჰყავს. პრემიერ-მინისტრის თქმით, აშშ-ის და ევროპული სახელმწიფოების ლიდერები საჯაროდ მიმართავენ საკუთარ მოქალაქეებს, რომ უკრაინაში მიმდინარე საომარ მოქმედებებში არ ჩაებან და სოლიდარობა სხვა ფორმით გამოხატონ.

“ჩვენ, როგორც პასუხისმგებელი მთავრობა, ვართ ვალდებული, რომ ვიზრუნოთ თითოეულ მოქალაქეზე და ჩვენი თითოეული ნაბიჯი კარგად უნდა იყოს გააზრებული, აწონილი, შეფასებული, რომ რაიმე ფორმით ჩვენს მოქალაქეებს და ქვეყანას პრობლემები არ შევუქმნათ. ჩვენი მთავარი ვალდებულებაა მშვიდობის და სტაბილურობის შენარჩუნება ქვეყანაში, რაც ჩვენი კეთილდღეობის განმსაზღვრელია.

ჩვენ სამჯერ ვიომეთ, მეგობრებო. სამჯერ ვიომეთ, რაც დამოუკიდებლობა აღვადგინეთ, საკმარისია. ჩვენ გვსურს ჩვენი ქვეყნის გაერთიანება მშვიდობიანი გზით. ეს არის გონივრული პოლიტიკა, ეროვნული პოლიტიკა, და არა ომით და, მით უმეტეს, წაგებულ ომებში ჩვენი ხალხის შეყვანით.

კიდევ ერთხელ მინდა შევახსენო ამ პოპულისტ ფარისევლებს. რომელი პოლიტიკოსი გინახავთ ან უნახავს ვინმეს ომში გარდაცვლილი. ბევრს რომ ლაპარაკობენ, ფეისბუქში რომ არიან აქტიურები და ძალიან დიდი ვაჟკაცური, გაბედული პოსტებით რომ გამოირჩევიან, წავიდნენ და იომონ, არა კიევში სელფებს რომ იღებდნენ, წინა პლანზე წავიდნენ და იომონ… თუ ასე ძალიან უნდათ მაინცდამაინც უკრაინაში, ომში მონაწილეობის მიღება”, – განაცხადა ღარიბაშვილმა.


5 ქართველი მებრძოლი — ავთო რურუა, რომეო კვარაცხელია, რომეო ფიჩხაია, მერაბ ალადაშვილი და ბადრი მარკელია — 3 დეკემბერს ბახმუტთან, რუსეთის საოკუპაციო ძალებთან შეტაკებისას დაიღუპნენ.

„ქართული ოცნების“ ხელისუფლების წარმომადგენლებმა რამდენიმედღიანი კრიტიკის შემდეგ, უკრაინაში დაღუპულ ქართველ მებრძოლთა ოჯახებს 5 დეკემბერს მიუსამძიმრეს.

ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთის აგრესიას უკრაინაში 33 ქართველი მებრძოლის სიცოცხლე ემსხვერპლა. პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ქართველი სამხედროების უკრაინაში დაღუპვაზე სამძიმარი ბოლოს გამოხატა 21 მარტს, 3 ქართველის დაღუპვიდან 4 დღის დაგვიანებით.

მასალების გადაბეჭდვის წესი