მედიის ცნობით, ირანის გენერალურმა პროკურორმა მოჰამედ ჯაფარ მონთაზერმა ქვეყანაში „მორალის პოლიციის“ დაშლის შესახებ განაცხადა.
„ზნეობის პოლიციას არაფერი აქვს საერთო სასამართლო სისტემასთან და დახურეს იმავე ადგილიდან, საიდანაც იგი წარსულში აღმოცენდა“, — განაცხადა მან მედიის ინფორმაციით.
მონთაზერმა ასევე თქვა, რომ ხელისუფლება განიხილავს, სჭირდება თუ არა რამე „ცვლილებები“ ათწლეულების წინანდელ კანონს, რომელიც ქალებს თავსაბურავის ტარებას ავალდებულებს.
თუმცა, Deutsche Welle-ს ცნობით, გაურკვეველია, მორალის პოლიცია ხელახლა შეიქმნება თუ არა სხვა კონტექსტში ან სხვა სახელით. ირანის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტოებმა განაცხადეს, რომ სასიკვდილო განაჩენი და სამართალწარმოება „ზნეობრივი“ დანაშაულებისთვის გაგრძელდება.
თუმცა „ალ ზაჯირას“ ცნობით, არ ყოფილა პოლიციის ოფიციალური დადასტურება ძალის ქუჩებიდან გაყვანის შესახებ და არანაირი ნიშანი იმისა, რომ კანონი, რომელიც სავალდებულო ჰიჯაბს მოითხოვს, შეიცვლება.
„სხვა დადასტურება არ ყოფილა, რომ საპატრულო ქვედანაყოფების მუშაობა, რომლებსაც ოფიციალურად ევალებოდათ საზოგადოებაში „მორალური უსაფრთხოების“ უზრუნველყოფა, შეწყდა“, — წერს „ალ ჯაზირა“.
ირანის რეჟიმი წნეხის ქვეშ იმყოფება მიმდინარე წლის სექტემბრის შემდეგ, როდესაც ჰიჯაბთან და სხვა სამოსთან დაკავშირებული კანონის დარღვევის ბრალდებით დაკავებული 22 წლის მაჰსა ამინი ე.წ. მორალური პოლიციის პატიმრობაში გარდაიცვალა. უფლებადამცველთა ცნობით, 22 წლის ქურთი ქალი პოლიციაში ცემის შედეგად გარდაიცვალა, ირანის ხელისუფლება კი მომხდარის მიზეზად ჯანმრთელობის გაუარესებას ასახელებს.
საპროტესტო აქციები, რომლებმაც მალევე მიიღო ისლამური რესპუბლიკის ხელმძღვანელობის საწინააღმდეგო სახე, რეპრესიების მიუხედავად გაფართოვდა და ირანის გარშემო გაიშალა.