”სახალხო მართლმდიდებლური მოძრაობა” 30 მაისამდე აქტიურ ქმედებეზე უარს აცხადებს. მოძრაობის წევრები აცხადებენ, რომ მალხაზ გულაშვილი არჩევნების დასრულებამდე ცხინვალში დარჩება.
აქტიურობაზე დროებით უარს მოძრაობის ერთ-ერთი დამფუძნებელი ლელიკო ჯაფარიძე ასე ხსნის: ”რათა არჩევნების წინ მავანმა ძალებმა დესტაბილიზაციის მოწყობაში არ დაგვადანაშაულონ”.
”სახალხო მართლმადიდებლური მოძრაობის” განცხადებით, არჩევნების შემდეგ მათი ქმედებები მიმართული იქნება ”მიხეილ სააკაშვილისა და ვანო მერაბიშვლის ჯურღუმებიდან” სახალხო მართლმადიდებლური მოძრაობის წარმომადგენლების გათავისუფლებისაკენ.
”ტელეკომპანია კავკასიაში ჩატარებული სპეცოპერაციის, კოდური სახელწოდებით ”ბარიერი” , გისოსებს მიღმა აღმოჩნდნენ ქართველი პატრიოტი მართლმადიდებელი ახალგაზრდები”, -აღნიშნა ”ქაქუცა ჩოლოყაშვილის საზოგადოების” თავმჯდომარემ დავით მხეიძემ.
შეგახსენებთ, სამართალდამცავებმა სახალხო მართლმადიდებლური მოძრაობის წევრები 7 მაისს დააკავეს. წინასწარი გამოძიებით პროკურატურამ დაადგინდა, რომ ტელეკომპანია კავკასიის ეთერში მიწვეულმა ცალკეულმა პირებმა, გარეთ მყოფ მხარდამჭერებთან წინასწარი შეთანხმებით, გამიზნულად ჩაშალეს გადაცემა ”ბარიერი”.
როგორც სმმ-ის წარმომადგენლები ამბობენ, არჩევნების შემდეგ დაგეგმილი აქვთ ისეთი სახის აქტიური ქმედებები, რომლებიც მათი თქმით, ეროვნული მართლმადიდებლური ფასეულობების დაცვისკენ იქნება მიმართული: ”ქმედებები იქნება მიმართული ასევე ”თავისუფლების ინსტიტუტის” პარპაშის დამთავრებისკენ”,- აღნიშნეს მოძრაობის წევრებმა.
როგორც მოძრაობის წარმომადგენელმა, ლელიკო ჯაფარიძემ ნეტგაზეთთან საუბარში აღნიშნა, მალხაზ გულაშვილი, რომელიც დღეს საქართველოდან ცხინვალშია წასული და იქ აქტიურად მუშაობს ”სახალხო მართლმადიდებლური მოძრაობის” საქმიანობის ფარგლებში, არჩევნების შემდეგ ჩამოვა და საქმიანობას გააგრძელებს.
” მანამდე მისი ჩამოსვლა სახიფათოა, მაშინვე დაიჭერენ, რადგან დღევანდელი ხელისუფლება ნებისმიერ საბაბს ეძებს მის დასაჭერად”, -ამბობს ლელიკო ჯაფარიძე.