ახალი ამბები

„ნამდვილი ჩემპიონი იყავით“ — დეგნანი ლომჯარიას

2 დეკემბერი, 2022 •
„ნამდვილი ჩემპიონი იყავით“ — დეგნანი ლომჯარიას

„თქვენ ნამდვილი ჩემპიონი იყავით ქართველი ხალხისთვის“, — ასე შეაფასა აშშ-ის ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმა სახალხო დამცველის პოსტზე ნინო ლომჯარიას საქმიანობა.

დეგნანის შეფასებით, ლომჯარიას რთულ დროს მოუწია ომბუდსმენობა, თუმცა ის და მისი გუნდი ღირსეულად ასრულებდა თავის როლს და აკეთებდა რაც სწორია, მაგრამ არა — ყოველთვის ადვილი.

„სახალხო დამცველის ოფისი ყოველდღიურად სასიცოცხლო როლს თამაშობს ადამიანის უფლებების დაცვაში. სახალხო დამცველის დიდებული გუნდი ყოველდღიურად მუშაობს, რათა საქართველოს ყველა მოქალაქესთვის დაცული იყოს ადამიანის უფლებები, გენდერული თანასწორობა, ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების პატივისცემა. ეს არის ნებისმიერი საზოგადოების ძალა და, მით უმეტეს, აქ, საქართველოში“, — განაცხადა დეგნანმა სახალხო დამცველის და USAID-ის სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით გამართულ ღონისძიებაზე, სადაც ისაუბრეს ევროინტეგრაციის გზაზე სახალხო დამცველის როლზე და ომბუდსმენის 5-წლიანი საქმიანობის ანგარიში წარადგინეს.

დეგნანის თქმით, აშშ-ის საელჩოს ხანგრძლივი და ნაყოფიერი თანამშრომლობა აკავშირებს სახალხო დამცველის ოფისთან და სხვადასხვა მიმართულებით ეხმარება მას.

„დისკრიმინაციის მსხვერპლებს ახლა უკეთ შეუძლიათ საკუთარი უფლებების დაცვა ჩვენი პარტნიორობის შედეგად. სახალხო დამცველი ასევე უფრო მისაწვდომი გახდა მოქალაქეებისთვის. ათასობით ქართველი, ვინც ფიქრობს, რომ მათი უფლებები დაირღვა, მიმართავს სახალხო დამცველს. საქართველო მნიშვნელოვან გზაგასაყარზეა, პროგრესი აქ მყოფი ბევრი ადამიანის მძიმე შრომის დამსახურებაა. ჩვენ ყველამ ვიცით, რომ საქართველომ უნდა გააგრძელოს ადამიანის უფლებების და ფუნდამენტური თავისუფლებების დაცვის გაძლიერება. ეს ითვალისწინებს თანასწორობას ეთნიკური, გენდერული და რელიგიური კუთვნილების მიუხედავად. ბევრი სამუშაოა დარჩენილი გამოხატვის, თავისუფლების გარანტირებისთვის, განსაკუთრებით მედიისთვის, ლგბტი ადამიანებისთვის, სამოქალაქო საზოგადოების მონაწილეობის კუთხით ქვეყნის მომავალზე საჯარო დისკუსიებში… ეს კრიტიკულია საქართველოსთვის, ჯანსაღი, მდგრადი დემოკრატიისთვის. ეს მხოლოდ ევროკავშირის და ევროატლანტიკური წევრობის მიზანს არ ემსახურება და უფრო მნიშვნელოვანია თავად საქართველოსთვის“, — განაცხადა კელი დეგნანმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი