ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

სოხუმში მყოფი დუმის სპიკერი დე ფაქტო აფხაზეთისა და რუსეთის „დაახლოებაზე“ მიანიშნებს

2 დეკემბერი, 2022 • 1708
სოხუმში მყოფი დუმის სპიკერი დე ფაქტო აფხაზეთისა და რუსეთის „დაახლოებაზე“ მიანიშნებს

რუსეთის დუმის თავმჯდომარე ვიაჩესლავ ვოლოდინი, რომელიც ოკუპირებულ აფხაზეთში ვიზიტით იმყოფება, აცხადებს, რომ დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებთან „გულახდილი საუბარი ჰქონდა და მათ შეძლეს, უკეთ გაეგოთ ერთმანეთისთვის“.

დე ფაქტო პარლამენტის თავმჯდომარესთან, ლაშა აშუბასთან შეხვედრის შემდეგ ვოლოდინმა განაცხადა, რომ შეიქმნება ერთობლივი საპარლამენტო ფორმატი, სადაც აფხაზური და რუსული მხარე პრობლემატურ საკითხებს განიხილავენ.

ინფორმაციას აშუბასა და ვოლოდინის შეხვედრის შესახებ ადგილობრივი Apsnypress ავრცელებს.

„მეგობრობა არის ორმხრივი მოძრაობის ქუჩა. რაც შეეხება მომავალ განვითარებას, ეს შესაძლებელია მოხდეს მხოლოდ ნდობის საფუძველზე. ნდობის ჩამოყალიბება კი დიალოგის გარეშე შეუძლებელია“, – განაცხადა სახელმწიფო დუმის თავმჯდომარემ ვიაჩესლავ ვოლოდინმა.

ვოლოგინმა ასევე მიანიშნა ოკუპირებულ აფხაზეთსა და რუსეთს შორის მიმოსვლის საკითხის განხილვის შესახებაც.

რუსეთის მმართველი წრეებისა და პროპაგანდისტების ნაწილია მიანიშნებს იმაზე, რომ რუსეთსა და აფხაზეთს შორის არ უნდა არსებობდეს სასაზღვრო პუნქტი და ასეთ პუნქტებზე რუსეთის მოქალაქეებს დიდი ხნის განმავლობაში აყოვნებენ.

„ჩვენ ბევრი საერთო გვაქვს აფხაზეთთან – საერთო ისტორია, კულტურა, ტრადიციები, რელიგია. ჩვენ შეგვიძლია ვისაუბროთ ერთი და იმავე ენაზე. შესაბამისად, ეს, ერთი მხრივ, აადვილებს ურთიერთობების განვითარებას, მაგრამ, მეორე მხრივ, დიდ ვალდებულებას გვანიჭებს.

…[რუს] ხალხს სურს გაემგზავროს აფხაზეთში. აფხაზეთის მოსახლეობას სურს გაემგზავროს რუსეთში. ეს ჩვენ გვავალდებულებს და ეს ახლა ძალზედ მნიშვნელოვანია. ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი ჩვენი მომავალი მუშაობისთვის, რათა მოხდეს კანონმდებლობის ჰარმონიზაცია სოციო-ეკონომიკურ სფეროში, გადაიჭრას პრობლემები საბაჟო პოლიტიკის სფეროში, საგადასახადო და სოციალურ პოლიტიკაში, ასევე, შეიქმნას პირობები ბიზნესის განვითარებისთვის“, – განაცხადა რუსეთის პარლამენტის თავმჯდომარემ.

ვოლოდინი ოკუპირებულ აფხაზეთში გუშინ, 1 დეკემბერს, ჩავიდა. მას სოხუმში „ოფიციალური“ შეხვედრები აქვს დაგეგმილი.

ნეტგაზეთი დაუკავშირდა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, რათა გაგვეგო, თუ რა რეაგირება ექნება ქართულ მხარეს რუსეთის სახელმწიფო წარმომადგენლის სოხუმში ვიზიტის შესახებ, თუმცა უწყებიდან პასუხი ჯერ კიდევ არ მიგვიღია.

მასალების გადაბეჭდვის წესი