ახალი ამბები

ირაკლი ღარიბაშვილი აშშ-ის ევროპული სარდლობის მეთაურს შეხვდა

1 დეკემბერი, 2022 • 568
ირაკლი ღარიბაშვილი აშშ-ის ევროპული სარდლობის მეთაურს შეხვდა

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი შეხვდა საქართველოში ვიზიტით მყოფ აშშ-ის ევროპული სარდლობის მეთაურს, გენერალ კრისტოფერ კავოლის.

საქართველოს მთავრობის მიერ შეხვედრასთან დაკავშირებით გავრცელებული პრესრელიზის თანახმად, შეხვედრაზე ირაკლი ღარიბაშვილმა მკაფიოდ დაადასტურა მზაობა, განაგრძოს მხარდაჭერა და წვლილი შეიტანოს ნატოს ძალისხმევაში შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების განმტკიცების მიმართულებით. პრემიერ-მინისტრის თქმით, ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია, ისევე როგორც სტრატეგიული პარტნიორობა აშშ-თან, ქვეყნის უმთავრესი პრიორიტეტებია და ამ მიმართულებით მოკავშირეების მხარდაჭერა განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს.

მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო აშშ-ის მხარდაჭერას საქართველოს თავდაცვის შესაძლებლობების გაზრდის თვალსაზრისით და აღინიშნა ქვეყნის წვლილი საერთო ევროატლანტიკურ უსაფრთხოებაში. ითქვა, რომ ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში საქართველო აქტიურად მონაწილეობდა ნატო-ს ეგიდით საერთაშორისო მისიებში და მზად არის, მომავალშიც დადგეს ნატოს მოკავშირეებთან და სხვა პარტნიორ ქვეყნებთან, რათა მხარი დაუჭიროს ჩრდილოატლანტიკურ უსაფრთხოებას.

საუბარი, ასევე, შეეხო უკრაინაში მიმდინარე ომს და რეგიონში შექმნილ ვითარებას.

პრემიერ-მინისტრმა აშშ-ის მხარეს მადლობა გადაუხადა ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მტკიცე მხარდაჭერისთვის.

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას  საქართველოს მხრიდან ესწრებოდნენ თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე და ნატო-ში საქართველოს ელჩი ვიქტორ დოლიძე, ხოლო აშშ-ის მხრიდან -საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში კელი დეგნანი და ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის ატაშე საქართველოში ჯოზეფ ბილბო.

მასალების გადაბეჭდვის წესი