ახალი ამბები

მარია კოლესნიკოვა რეანიმაციაში გადაიყვანეს

29 ნოემბერი, 2022 •
მარია კოლესნიკოვა რეანიმაციაში გადაიყვანეს

ბელარუსელი ოპოზიციონერი მარია კოლესნიკოვა რეანიმაციაში გადაიყვანეს. ინფორმაცია ამის შესახებ მის ოფიციალურ ფეისბუკ გვერდზე ვრცელდება. განცხადებაში ნათქვამია, რომ კოლესნიკოვას თანამებრძოლებისა და ახლობლებისთვის უცნობია, რატომ გახდა ციხიდან მისი რეანიმაციაში გადაყვანა საჭირო.

მარია კოლესნიკოვა, რომელიც ამჟამად ბელარუსში პატიმრობაში იმყოფება, კლინიკის ქირურგიულ დეპარტამენტში გუშინ, 28 ნოემბერს, გადაიყვანეს, შემდეგ კი რეანიმაციაში აღმოჩნდა. ინფორმაცია ამის შესახებ დაკავებული ოპოზიციონერის ადვოკატს კლინიკაში დაუდასტურეს. როგორც გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, მანამდე, სამი დღის განმავლობაში, ადვოკატს ქალის მონახულების შესაძლებლობას არ აძლევდნენ.

ამასთან, კოლესნიკოვას ახლობლებისთვის ცნობილი გახდა, რომ კლინიკაში გადაყვანამდე ქალი კოლონიის სადამსჯელო საკანში ჰყავდათ. უფლებადამცველებისთვის უცნობია, რამდენი ხანი დაჰყო კოლესნიკოვამ აღნიშნულ საკანში.

დამატებითი დეტალები კოლესნიკოვას ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ამ ეტაპზე უცნობია.

პროფესიით ფლეიტისტი კოლესნიკოვა ბელარუსის პოლიტიკურ ცხოვრებაში განსაკუთრებით აქტიურად ჩაება 2020 წელს, საპრეზიდენტო არჩევნების წინ, როცა ერთ-ერთი ოპოზიციონერი კანდიდატის, ვიქტორ ბაბარიკოს საარჩევნო შტაბს ხელმძღვანელობდა. ბაბარიკო, ისევე როგორც სხვა კონკურენტები, ლუკაშენკოს ხელისუფლებამ სხვადასხვა გზით — დაპატიმრებითა თუ ქვეყნის დატოვების იძულებით — ჩამოიშორა, რის შემდეგაც პრეზიდენტობის კანდიდატად ერთ-ერთი ოპოზიციონერის, სერგეი ტიხანოვსკის მეუღლე, სვეტლანა ტიხანოვსკაია დარეგისტრირდა.

კოლესნიკოვა ტიხანოვსკაიას მოკავშირე იყო, საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ კი, როცა ბელარუსის ცესკომ გამარჯვებულად ლუკაშენკო გამოაცხადა, მასობრივი და უპრეცედენტო საპროტესტო მოძრაობის ერთ-ერთ სახედ იქცა.

2020 წლის აგვისტოში დაკავებული კოლესნიკოვა,კიდევ ერთ ოპოზიციონერ აქტივისტთან, მაქსიმ ზნაკთან ერთად, მიმდინარე წლის ივლისში გაასამართლეს. ის დაადანაშაულეს ეროვნული უსაფრთხოების შერყევასა და ძალაუფლების მიტაცების მცდელობაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი