ახალი ამბები

ბრეგაძის თქმით, სააკაშვილმა ტოქსიკოლოგიური ანალიზის ჩატარებაზე უარი თქვა

29 ნოემბერი, 2022 • 863
ბრეგაძის თქმით, სააკაშვილმა ტოქსიკოლოგიური ანალიზის ჩატარებაზე უარი თქვა

საქართველოს იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილმა უარი განაცხადა სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს ექსპერტების მიერ ტოქსიკოლოგიური ანალიზის ჩატარებაზე.

აღნიშნული მას შემდეგ გახდა აქტუალური, რაც მიხეილ სააკაშვილის ერთ-ერთმა ადვოკატმა ვალერი გელბახიანმა გამოთქვა ეჭვი, რომ მსჯავრდადებული ექსპრეზიდენტი შესაძლოა მოწამლული ყოფილიყო.  რატი ბრეგაძის თქმით, ამის შემდეგ პენიტენციურმა უწყებამ სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს ტოქსიკოლოგიური ანალიზის ჩატარება სთხოვა, თუმცა აღნიშნულზე უარი თავად მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა:

„ერთ-ერთმა ადვოკატმა გაავრცელა ინფორმაცია სააკაშვილის შესაძლო მოწამვლაზე და ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს ვთხოვეთ ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზის ჩატარება, რომელში მონაწილეობაზეც მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა უარი“, – ამბობს რატი ბრეგაძე.

მინისტრის ბრიფინგის შემდეგ განმარტება გააკეთა მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა შალვა ხაჭაპურიძემ. „ფორმულასთან“ ადვოკატმა განაცხადა, რომ ექსპერტიზაზე უარი არ უთქვამთ და მიხეილ სააკაშვილთან ექსპერტიზის მიზნით შესულ პირებს შესაბამისი დოკუმენტაცია არ ჰქონდათ. ხაჭაპურიძის თქმით, მან მოუწოდა ექსპერტებს, მოემზადებინათ შესაბამისი დოკუმენტაცია იმგვარად, რომ ექსპერტიზა კანონმდებლობის შესაბამისად ჩატარებულიყო:

„ჩვენ უარი არ განგვიცხადებია, პირიქით, სურვილი გამოვთქვით მიგვეღო მონაწილეობა, ოღონდ წარმოედგინა თანამშრომელს შესაბამისი დოკუმენტი. ექსპერტიზაზე მოვიდნენ ადამიანები, რომლებსაც ფურცლის ნაგლეჯიც არ ეკავათ ხელში, რატომ ტარდება ეს ექსპერტიზა. ეს კანონმდებლობით ასე არ რეგულირდება. მე ვუთხარი მათ, ეს გაეკეთებინათ და მობრძანდით და ჩაატარეთ-მეთქი. შემდგომ აღარ მოსულან“, – თქვა შალვა ხაჭაპურიძემ „ფორმულასთან“.

მასალების გადაბეჭდვის წესი