ახალი ამბები

რეფორმის III ეტაპზე მერია გეგმავს, ტაქსის ლიცენზიების გაცემა შეწყვიტოს

29 ნოემბერი, 2022 • 1044
რეფორმის III ეტაპზე მერია გეგმავს, ტაქსის ლიცენზიების გაცემა შეწყვიტოს

თბილისის მერიის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელი, ვიქტორ წილოსანი აცხადებს, რომ ტაქსის რეფორმის III ეტაპზე, – გარკვეული პერიოდის შემდეგ, – თბილისის მერია შეწყვეტს ტაქსის ლიცენზიების გაცემას.

თბილისის მერმა, კახა კალაძემ 29 ნოემბერს სატრანსპორტო პოლიტიკის პრეზენტაციაზე განაცხადა, რომ რეფორმის მე-3 ეტაპზე A კატეგორიის („თეთრი“) ტაქსების ნებართვა ფასიანი ქაღალდი გახდება და A კატეგორიის მძღოლებს უფასოდ გადაეცემათ საკუთრებაში.

მერის თქმითვე, მომავალში ტაქსის ლიცენზიების მფლობელებს შეეძლებათ, ეს ლიცენზიები გაყიდონ ან გააქირაონ.

29 ნოემბერსვე, ტელეკომპანია BMTV-ის ეთერში საუბრისას, ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელმა, ვიქტორ წილოსანმა განაცხადა, რომ რეფორმისა და ცვლილების ზუსტ თარიღს მერი მოგვიანებით გამოაცხადებს, დეტალებზე კი განაცხადა:

„ტაქსის ლიცენზია გახდება ფასიანი ქაღალდი. თუ ვინმე გადაიფიქრებს ტაქსით მომსახურების სერვისის გაწევას, [ლიცენზიის რეალიზაციიდან მიღებულ] ფულს მიიღებს არა მუნიციპალიტეტი, არამედ ის ტაქსის მძღოლი, რომელიც ეწევა ტაქსის ამ სერვისს“.

წილოსანის თქმითვე, ლიცენზიების გაყიდვა შეწყდება და ტაქსის მომსახურებაზე „მოთხოვნის ზრდასთან ერთად, მათი ღირებულება გაიზრდება“.

„ყველა განვითარებულ ქალაქში ასეა, ტაქსის ლიცენზია ძვირია“, – განაცხადა მან.

სერვისების განვითარების სააგენტოს ცნობით, ამჟამად ტაქსის 17430 ნებართვაა გაცემული.

თბილისის მერმა კახა კალაძემ სატრანსპორტო პოლიტიკის მომდევნო ეტაპების შესახებ პრეზენტაციაზე განაცხადა, რომ

  • 2023-24 წლებში მერია 200 ერთეულ 18-მეტრიან ავტობუსს შეისყიდის;
    • ეს, მისი თქმით, დღიურად 2 მილიონით მეტი მგზავრობის შესაძლებლობას გააჩენს;
  • ამასთან, კალაძის თქმით, გაგრძელდება მეტროსადგურების რეაბილიტაციის პროცესი;
  • 2023 წლიდან დაიწყება ნაკადების ავტომატიზებული მართვისა და კონტროლის სისტემის დანერგვა.

ვიქტორ წილოსანმა განაცხადა, რომ 2023 წლის ბოლომდე დასრულდება 10 ძირითადი დერეფნის მოწყობა. მისი თქმით, – რაც მერმაც განაცხადა, – ამჟამად არსებობს 13 პრობლემური კვანძი, რომლებზეც ავტობუსები ფერხდებიან, რის გამოც საზოგადოებრივი ტრანსპორტი 100 000-მდე მგზავრის გადაყვანას ვერ ახერხებს.

წილოსანის თქმით, დერეფნების მოწყობა 2023 წლის ბოლომდე დასრულდება, 13 პრობლემური კვანძი მოიხსნება და მოლოდინის დიდი დროისა და გადავსებული ავტობუსების პრობლემები ამ პერიოდისთვის მოგვარდება.

„[საშუალოდ] დაახლოებით 7-8 წუთზე უნდა დავიდეთ, მოლოდინის დროზე. ეს ნიშნავს, რომ პიკურ პერიოდებში იმ ადგილებში, სადაც მაღალი მგზავრთნაკადი გვაქვს, 2-3 წუთში ერთხელ ივლის ის 18-მეტრიანი ავტობუსები“, – განაცხადა მან.

მასალების გადაბეჭდვის წესი