ახალი ამბები

რა ცვლილებებს გეგმავს მერია დედაქალაქში ტრანსპორტის მხრივ

29 ნოემბერი, 2022 • 2123
რა ცვლილებებს გეგმავს მერია დედაქალაქში ტრანსპორტის მხრივ

თბილისის მერმა კახა კალაძემ პრეზენტაცია გამართა სატრანსპორტო პოლიტიკის ფარგლებში გათვალისწინებული მომდევნო ეტაპების შესახებ. კალაძის თქმით, ცვლილებების განხორციელების შედეგად გაიზრდება ქუჩების გამტარობა და საზოგადოებრივი ტრანსპორტის ტევადობა.

კალაძე აცხადებს, რომ 2023-24 წლებში მერია 200 ერთეულ 18-მეტრიან ავტობუსს შეისყიდის, რაც საზოგადოებრივი ტრანსპორტის ტევადობას გაზრდის და დღიურად 2 მილიონით მეტი მგზავრობის შესაძლებლობას გააჩენს. ამასთან, კალაძის თქმით, გაგრძელდება მეტროსადგურების რეაბილიტაციის პროცესი:

„მეტროპოლიტენის განახლება უმნიშვნელოვანესი კომპონენტია. ამ მიმართულებითაც კონკრეტული ნაბიჯები გადავდგით. საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების მხარდაჭერით, ძალოვანი კაბელები შეიცვალა, გამაგრილებელი სისტემები განახლდა. ამასთანავე, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან ვთანამშრომლობთ და გაგრძელდება მეტროსადგურების რეაბილიტაცია“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

თბილისის მერის თქმით, მომავალი წლიდან დაინერგება ნაკადების ავტომატიზებული მართვისა და კონტროლის სისტემა.

„2023 წლიდან დაიწყება ნაკადების ავტომატიზებული მართვისა და კონტროლის სისტემის დანერგვა, საცობების აღმოჩენა რეალურ დროში ინციდენტებზე, სწრაფი რეაგირება საზოგადოებრივი ტრანსპორტისა და სპეცტრანსპორტის პრიორიტეტულობა. შედეგად, მეტად მოწესრიგებულ და აჩქარებულ მოძრაობას, ასევე, შემცირებულ საცობებს მივიღებთ“, – განაცხადა კახა კალაძემ.

კახა კალაძემ ისაუბრა სატრანსპორტო პოლიტიკის ფარგლებში ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპზეც. მისი თქმით, A კატეგორიის ტაქსის ნებართვა გახდება ფასიანი ქაღალდი და A კატეგორიის ტაქსის მძღოლებს ნებართვა უფასოდ, მუდმივ საკუთრებაში გადაეცემათ:

„ტაქსის ნებართვის წლიური მოსაკრებელი დარჩება უცვლელი. ტაქსის ნებართვების ბაზრის მომსახურება განხორციელდება ელექტრონული პლატფორმის მეშვეობით. ნებართვით სარგებლობა შესაძლებელი იქნება როგორც ტაქსის მომსახურებით, ისე იჯარის, გირავნობისა და რეალიზაციის ფორმით გადაცემით“, – განაცხადა კახა კალაძემ. მისივე თქმით, სატრანსპორტო პოლიტიკით გათვალისწინებული ეტაპების დასრულების შემდეგ, 2017 წელთან შედარებით, დედაქალაქის საზოგადოებრივ ტრანსპორტში დაახლოებით 110 000 ადგილით მეტი იქნება.

კალაძე ამბობს, რომ 2017 წელთან შედარებით, საზოგადოებრივი ტრანსპორტის ტევადობა 110%-ით გაიზრდება და დამატებით გაჩნდება დაახლოებით 110 000 ადგილი. ქუჩების გამტარუნარიანობა კი, მერის თქმით, 70%-ით გაიზრდება:

„ქუჩების გამტარუნარიანობა ყველასთვისაა, ამის საუკეთესო მაგალითია ჭავჭავაძის გამზირი. ეს მიდგომა გაგრძელდება სხვა ქუჩებთან და გამზირებთან მიმართებითაც. საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოხმარების ზრდა წლიურად 10% იქნება და ქალაქში 30%-ით ნაკლებ დროში გადაადგილების შესაძლებლობა მოგვეცემა. გადაადგილება პრობლემას აღარ უნდა წარმოადგენდეს“, – თქვა კახა კალაძემ.

მასალების გადაბეჭდვის წესი