ახალი ამბები

სიარული და გასვლა რომ შეეძლოს, „ვივამედში“ ხომ არ იქნებოდა – ნადირაძე სააკაშვილზე

28 ნოემბერი, 2022 •
სიარული და გასვლა რომ შეეძლოს, „ვივამედში“ ხომ არ იქნებოდა – ნადირაძე სააკაშვილზე

„თუ ყველაფერი ისე კარგად არის, რომ შეუძლია სიარული, გასვლა, გარეთა პროცესებში მონაწილეობა, მაშინ ხომ არ იქნებოდა აქ“, – განაცხადა კლინიკა „ვივამედის“ გენერალურმა დირექტორმა ნინო ნადირაძემ მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობაზე საუბრისას.

მისი თქმით, ექიმებმა ჩათვალეს, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ტრასპორტირება გამართლებული არ იყო და სწორედ ამიტომ ვერ დაესწრო მის სასამართლო პროცესს.

„პარასკევს ჩატარდა ნევროლოგის კონსულტაცია, რომელმაც აღნიშნა უარყოფითი დინამიკა, დაინიშნა შესაბამისი კვლევები, დღეს და ხვალ ამ კვლევებს ისევ ჩავატარებთ და განისაზღვრება შემდგომი მკურნალობის ტაქტიკა. მისი აქ ყოფნისას არცერთ ეტაპზე სასამართლოში წაყვანის და ტრანსპორტირების ნებართვა არ გაგვიცია.

პაციენტის პოზიცია ჩემი გადასაწყვეტი არ არის, ეს მისი სუბიექტური აზრია და თავის სიტყვებზეა პასუხისმგებელი, სამეციდინო კუთხით ჩვენ ვაგებთ. პაციენტი რომ კლინიკაში მკურნალობს, გასვლით პროცესებს ხომ გამორიცხავს?! თუ ყველაფერი ისე კარგად არის, რომ შეუძლია სიარული, გასვლა, გარეთა პროცესებში მონაწილეობა, მაშინ ხომ არ იქნებოდა აქ[„ვივამედში“]“, – განაცხადა ნინო ნადირაძემ „ტვ პირველთან“ საუბრისას.


თბილისის საქალაქო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი გადაიდო. დღეს, 28 ნოემბერს, სასამართლოში უნდა გამართულიყო სააკაშვილის პროცესი ე.წ. საზღვრის კვეთის საქმეზე.

პროცესის გამართვამდე მიხეილ სააკაშვილის ადვოკატები აცხადებდნენ, რომ მას სასამართლოს სხდომაზე დასწრება სურდა.

თუმცა, როგორც მოსამართლე ნინო ჩახნაშვილმა განაცხადა, სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ექიმებმა მისი ტრანსპორტირება მიზანშეწონილად არ მიიჩნიეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი