ახალი ამბები

საპატრიარქო ერთ-ერთი ყველაზე დიდი ბოროტება და რუსეთის გაგრძელებაა – სამნიძე

28 ნოემბერი, 2022 • 1705
საპატრიარქო ერთ-ერთი ყველაზე დიდი ბოროტება და რუსეთის გაგრძელებაა – სამნიძე

რესპუბლიკური პარტიის ლიდერის, ხათუნა სამნიძის განცხადებით, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქო „დიდი ბოროტება და რუსეთის გაგრძელებაა“.

ამის შესახებ მან დღეს, 28 ნოემბერს, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რითაც გამოეხმაურა საპატრიარქოს განცხადებას ცხრამუხის მონასტერში მომხდარ დანაშაულთან დაკავშირებით.

სამნიძე ხაზს უსვამს, რომ  საპატრიარქოზე, როგორც ინსტიტუციაზე საუბრობს და არა რელიგიასა და რწმენაზე.

მისი თქმით, საპატრიარქო, რომელსაც დიდი ძალაუფლება აქვს ისეთ საკითხებში, როგორიცაა ფემიციდი და ქალების კვლა, საკუთარ პასუხისმგებლობას არ გრძნობს და ცდილობს ეს მედიასა და საზოგადოებას დააკისროს.

„საპატრიარქო არის ამ ქვეყანაში ერთ- ერთი ყველაზე დიდი ბოროტება და რუსეთის გაგრძელება, რომელიც ცდილობს საზოგადოებაში დათესოს ღვარძლი, ზიზღი, სიძულვილი და განახორციელოს ძალადობა.

სამწუხაროდ, ის ფინანსდება ხალხის ფულით და ყველა ხელისუფლება, არამხოლოდ ეს ხელისუფლება, ცდილობს ხარკის გადახდით გამოიყენოს ეს ინსტიტუცია… ის იყენებს საკუთარ ძალაუფლებას, მას აქვს დიდი ძალაუფლება, რომ ზეგავლენა მოახდინოს პოლიტიკურ პროცესებზე“, – განაცხადა ხათუნა სამნიძემ.

25 ნოემბერს ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ცხრამუხაში მდებარე ეკლესიის საცხოვრებელ კელიაში ორი პირი თავს დაესხა მონაზონს და ძალადობის  მუქარით მოსთხოვეს ფული და ძვირფასეულობა. უარის მიღების შემდეგ, აღნიშნულმა პირებმა მას მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა და ძალადობით, ჯგუფურად გააუპატიურეს.  ასევე, მონაზონს წაართვეს მობილური ტელეფონი, კვლავ სცემეს და დატოვეს უგონო მდგომარეობაში. ბრალდებულებმა ეკლესიიდან წაიღეს შესაწირი ყუთები მასში მოთავსებული ფულადი თანხით და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.

საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა ანდრია ჯაღმაიძემ ცხრამუხის დედათა მონასტერში 25 ნოემბერს ჩადენილი გაუპატიურებასა და ყაჩაღობაში ნაწილობრივ მედია დაადანაშაულა.

ჯაღმაიძის შემდეგ განცხადება გაავრცელა საპატრიარქომაც და აღნიშნა, რომ მონასტერში მომხდარის გაშუქებისას „მასმედიით მოხდა მონოზვნის იდენტიფიცირება, მისი სურათის გამოქვეყნება და ამ დანაშაულზე უხეში ფორმით საუბარი, ადგილი ჰქონდა ცინიზმსაც… რაც, თავის მხრივ, ამორალურობისა და დაუნდობლობის მაგალითია“.

მასალების გადაბეჭდვის წესი