ახალი ამბები

ნინო ლომჯარია „ვივამედში“ მივიდა

28 ნოემბერი, 2022 • 566
ნინო ლომჯარია „ვივამედში“ მივიდა

სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია კლინიკა „ვივამედში“ მივიდა ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გასაცნობად.

ლომჯარიას თქმით, იგი ეცდება გაესაუბროს სამედიცინო პერსონალს, მიხეილ სააკაშვილის პირად ექიმს და თავად სააკაშვილს, თუ მას ამის სურვილი და ფიზიკური შესაძლებლობა ექნება.

„დიდი ხანია მე პირადად არ მინახავს [მიხეილ სააკაშვილი]. ბოლოს ვნახე გორის ჰოსპიტალში, თუმცა ჩემი წარმომადგენლები რეგულარულად ახორციელებდნენ ვიზიტს. ჩვენი კონსილიუმი არ ერეოდა ამ ყველაფერში, ვინაიდან ველოდებით ექსპერტიზის დასკვნას. იქიდან გამომდინარე, რომ ბოლო პერიოდში ისმის ძალიან შემაშფოთებელი შეფასებები მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმების შესახებ, მივიღე გადაწყვეტილება, მოვიდე და პირადად გავეცნო მის მდგომარეობას“, — განაცხადა ნინო ლომჯარიამ „ფორმულას“ ეთერში.

მიხეილ სააკაშვილის ოჯახი და ადვოკატები აცხადებენ, რომ ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესებულია. საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის თანახმად, თუ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე საექსპერტო დასკვნა იტყვის, რომ მძიმედაა [და გადაყვანას საჭიროებს], სასამართლომ ღირსეული გადაწყვეტილება უნდა მიიღოს. არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი საერთო განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილის მკურნალობის საკითხი უნდა გადაწყდეს „არა პოლიტიკური მიზანშეწონილების, არამედ მხოლოდ ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვის სტანდარტების გათვალისწინებით“.

მასალების გადაბეჭდვის წესი