ახალი ამბები

ცხრამუხის მონასტერში მომხდარზე პასუხისმგებელობა „ოცნებას“ ეკისრება – 3 პარტია

28 ნოემბერი, 2022 • 755
ცხრამუხის მონასტერში მომხდარზე პასუხისმგებელობა „ოცნებას“  ეკისრება – 3 პარტია

„სტრატეგია აღმაშენებელი“, „გირჩი – მეტი თავისუფლება“ და „დროა“ ეხმიანება ცხრამუხის მონასტერში მომხდარ დანაშაულს და აცხადებს, რომ მომხადარზე პასუხისმგებლობა „ქართულ ოცნებას“ ეკისრება.

ამის შესახებ სამი ოპოზციური პარტიის ერთობლივ განცხადებაშია საუბარი.

„ცხრამუხის მონასტერში მონაზონზე განხორციელებული შემზარავი ძალადობა „ქართული ოცნების“ მიერ შექმნილი უმძიმესი გარემოს შედეგია. ამ და უკანასკნელ დღეებში მომხდარ სასტიკ დანაშაულებზე პასუხისმგებელობა ეკისრება პრორუსულ „ქართულ ოცნებას“, რომლებმაც დაუცველობა, შიში, სისასტიკე ცხოვრების წესად და ნორმად აქციეს. დაუცველია ყველა – ბავშვები, ქალები, ჟურნალისტები, აქტივისტები, პოლიტიკოსები. ძალადობრივი სისტემა საფრთხეს უქმნის თითოეულ ჩვენგანს“, – ნათქვამია მათ განცხადებაში.

როგორც სამი ოპოზციური პარტია აცხადებს, ძალადობა და ტყუილი „ქართული ოცნების“ მმართველობის მთავარი ნიშნებია.

მათივე თქმით, საზოგადოების დაყოფა, მუდმივი დაპირისპირება, შიშის დანერგვა, ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობა საქართველოს მოქალაქეებზე ქვეყანაში ქმნის ძალადობრივ ატმოსფეროს.

„თუკი „ქართული ოცნების“ მმართველობის საწყის ეტაპზე სახელმწიფო ტერორი პოლიტიკურ ოპონენტებსა და მოწყვლად ჯგუფებს ეხებოდა, დღეს ძალადობრივმა გარემომ საზოგადოების თითქმის ყველა სეგმენტში შეაღწია. მოძალადე სახელმწიფოს ფიზიკური თუ სიტყვიერი თავდასხმების სამიზნე, პოლიტიკურ მოწინააღმდეგეებთან ერთად, არიან ჟურნალისტები, სამოქალაქო ორგანიზაციები, საქართველოს საერთაშორისო პარტნიორები, ყველა, ვინც მიუღებელია ხელისუფლებისთვის, ვინც საფრთხეს უქმნის „ქართული ოცნების“ ერთპიროვნულ მმართველობას.

ძალადობრივ გარემოს ამძიმებს სახელმწიფოს შეთანხმება კრიმინალურ სამყაროსთან, რომლის თანახმადაც ძალაუფლების შენარჩუნებაში დახმარების სანაცვლოდ, რაც ამომრჩევლის ნებაზე ძალადობრივ ზემოქმედებაში გამოიხატება, კრიმინალურ საქმიანობაში ჩართულ პირებს უკანონო შეღავათები უწესდებათ“, – აცხადებენ პარტიები.

მათი თქმით, სახელმწიფო ქმნის და ხელს უწყობს პრორუსულ, კრიმინალურ დაჯგუფებებს, რომელთა ამოცანა ხელისუფლებისთვის მიუღებელ ადამიანებზე ძალადობაა.

„აღნიშნულის შედეგია 2013 წლის 17 მაისს რამდენიმე უდანაშაულო ახალგაზრდის წინააღმდეგ განხორციელებული მძიმე ძალადობა, ასევე, 2021 წლის 5 ივლისს პროკრემლისტური ჯგუფების მიერ ჟურნალისტების წინააღმდეგ ჩადენილი მძიმე დანაშაულების სერია, რომელიც ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებით დასრულდა“, – აცხადებს სამი ოპოზიციური პარტია.

სამი ოპოზიციური პარტიის განცხადებით, სახელმწიფო უკანონოდ მფარველობს მისსავე შექმნილ ძალადობრივ ჯგუფებს, რაც მნიშვნელოვან დაბრკოლებად იქცა საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღების გზაზე.

ევროკომისია მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, დაიცვას მოწყვლადი ჯგუფების უფლებები, ასევე, ეფექტიანად გაასამართლოს მათზე მოძალადეები და ძალადობის დამკვეთები.

მიგვაჩნია, რომ ნებისმიერი ტიპის ძალადობა, მათ შორის უკანასკნელ დღეებში მასმედიით გავრცელებული ძალადობის ტრაგიკული ფაქტები, ქვეყანაში შექმნილი უმძიმესი ატმოსფეროს შედეგია. სამწუხაროდ, შეუძლებელია აღნიშნულ ფაქტებზე იზოლირებული რეაგირებით არსებული პრობლემების გადაჭრა. ძალადობრივი ფონის შესაცვლელად, ვითარების გაჯანსაღებისათვის აუცილებელია ფუნდამენტური და კომპლექსური პოლიტიკური და საზოგადოებრივი ცვლილებები“, – ნათქვამია სამი ოპოზიციორი პარტიის განცხადებაში.


25 ნოემბერს,ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ცხრამუხაში მდებარე ეკლესიის საცხოვრებელ კელიაში ორი პირი თავს დაესხა მონაზონს და ძალადობის  მუქარით მოსთხოვეს ფული და ძვირფასეულობა. უარის მიღების შემდეგ, აღნიშნულმა პირებმა მას მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა და ძალადობით, ჯგუფურად გააუპატიურეს.  ასევე, მონაზონს წაართვეს მობილური ტელეფონი, კვლავ სცემეს და დატოვეს უგონო მდგომარეობაში. ბრალდებულებმა ეკლესიიდან წაიღეს შესაწირი ყუთები მასში მოთავსებული ფულადი თანხით და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.

პოლიციამ მომხდარის გამო ორი პირი დააკავა, რომელთაც ბრალად ედებათ გაუპატიურება, ჩადენილი ჯგუფურად, დაზარალებულის მიმართ განსაკუთრებული სისასტიკით და ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობა,  რაც სასჯელის სახედ და ზომად 15-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი