ახალი ამბები

EU უკრაინას 18 მილიარდი ევროს სესხს გამოუყოფს

24 ნოემბერი, 2022 • 1130
EU უკრაინას 18 მილიარდი ევროს სესხს გამოუყოფს

ევროკავშირი 2023 წლისთვის უკრაინას 18 მილიარდი ევროს სესხს გამოუყოფს.

ეს არის გრძელვადიანი (35-წლიანი) შეღავათიანი სესხი რეფორმების გატარების პირობითობით.  თანხა მოხმარდება ძირითადი საჯარო სერვისების მხარდაჭერას, როგორიცაა საავადმყოფოების, სკოლების მართვა და იძულებით გადაადგილებული პირების საცხოვრებლის უზრუნველყოფა, ასევე, მაკროეკონომიკური სტაბილურობა და რუსეთის მიერ განადგურებული კრიტიკული ინფრასტრუქტურის აღდგენა. სესხის პირობა მოითხოვს რეფორმებს ინსტიტუტების გასაძლიერებლად და ევროკავშირში გაწევრიანებისთვის მოსამზადებლად. პირობები მოიცავს ანტიკორუფციულ ღონისძიებებს, სასამართლო რეფორმას, კანონის უზენაესობის პატივისცემას, კარგ მმართველობასა და ინსტიტუტებს მოდერნიზებას, რასაც ევროკომისია ყოველი ტრანშის წინ შეაფასებს.

ევროკომისიის წინადადება უკრაინისთვის სესხის გამოყოფის შესახებ ევროპარლამენტმა დაამტკიცა 507 ხმით, 38-ის წინააღმდეგ. 6 დეკემბერს გადაწყვეტილება ერთხმად უნდა დამტკიცდეს საბჭოში.

„უკრაინა იბრძვის ევროპული ღირებულებებისთვის. ევროპარლამენტმა და ევროკავშირმა გამოავლინეს შესანიშნავი სოლიდარობა უკრაინის მიმართ ჰუმანიტარულ, სამხედრო და ფინანსურ ფრონტზე. რაც მთავარია, უკრაინას ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მივანიჭეთ. გუშინ დავიწყეთ ევროპული კამპანია „იმედის გენერატორები“, რათა გავუადვილოთ უკრაინას ზამთრის გადატანა“, — განაცხადა ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ.

უკრაინისთვის გამოყოფილ თანხას ევროკავშირი კაპიტალის ბაზრებიდან ისესხებს. უნგრეთმა განაცხადა, რომ არ მიიღებს მონაწილეობას ერთობლივ სესხებში, თუმცა მზადაა, ევროკავშირის მხარდაჭერის პაკეტში თავისი წილი — ბუდაპეშტის გათვლით 187 მილიონი ევრო — ფინანსური დახმარება უკრაინას ორმხრივ ფორმატში გამოუყოს.

ომის დაწყებიდან ევროკავშირმა და მისმა წევრმა ქვეყნებმა 19,7 მილიარდი ევრო გასცეს უკრაინის მხარდასაჭერად, რომლის დიდი ნაწილი ივლისსა და სექტემბერში დამტკიცებულმა მაკროფინანსურმა დახმარებამ შეადგინა.

მასალების გადაბეჭდვის წესი