ახალი ამბები

პარლამენტთან სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით აქცია გაიმართა

23 ნოემბერი, 2022 • 616
პარლამენტთან სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით აქცია გაიმართა

საქართველოს პარლამენტთან მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს.

აქციაზე პატივი მიაგეს „ვარდების რევოლუციის“ 19 წლისთავს და ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება მოითხოვეს.

„ეს არის აქცია იმისთვის, რომ პირველ რიგში, ხაზი გავუსვათ „ვარდების რევოლუციის“ მონაპოვარს. საქართველოს ისტორიაში იყო ორი უდიდესი მოვლენა — 1989 წლის 9 აპრილი, როდესაც ქართველმა ხალხმა მერაბ კოსტავას და ზვიად გამსახურდიას ხელმძღვანელობით სისხლის ფასად მოიპოვა თავისუფლება და დაამარცხა ბოროტების იმპერია და ამ თავისუფლების გაგრძელება, როცა „ვარდების რევოლუციამ“ მოიტანა ინსტიტუციური განვითარება და რეფორმები. ამ ყველაფრის ხელმძღვანელი იყო მიხეილ სააკაშილი და მისი გუნდი. შეუძლებელია, რომ ეს დაივიწყო და უარყო. ჩვენი პიროვნული და ეროვნული ღირსების საკითხია, რომ მიხეილ სააკაშვილი არ მოკლან პუტინის პირად ტყვეობაში“, — განუცხადა „ნეტგაზეთს“ ენმ-ის თავმჯდომარეობის კანდიდატმა გიორგი მუმლაძემ.

მისი თქმით, პარლამენტთან მივიდა „ვარდების რევოლუციისადმი“ პატივისცემის ნიშნად და მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერად.

„რუსული რეჟიმი უნდა შეიცვალოს. მე რაღაცნაირად პირობა დავდე, რომ ჩვენ ყველამ ჩვენი წვლილი უნდა შევიტანოთ იმაში, რომ 2023 წლის ნოემბერს აქ შევხვდეთ საზეიმოდ, გვყავდეს პროდასავლური ხელისუფლება, რომელიც ფართო ნაბიჯებით წავა ევროინტეგრაციისკენ“, — დასძინა მუმლაძემ.

მასალების გადაბეჭდვის წესი