უკრაინის რადას დეპუტატისა და მიხეილ სააკაშვილის პარტნიორის, ლიზა იასკოს განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მუდმივად არის სპეკულაციების საგანი, რაც უნდა დასრულდეს. მისი სიტყვებით, “ადამიანის სიცოცხლე არ შეიძლება იყოს აღრეული პოლიტიკაში”.
ამ საკითხზე იასკომ “ტვ პირველის” გადაცემაში “პირველი ხაზი” ისაუბრა. წამყვანმა მას ჰკითხა, რა ინფორმაციას ფლობს სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე, რომელიც არის “სპეკულაციების თემა”.
“…მე ძალიან დავიღალე იმით, რომ ეს საკითხი მუდმივად არის გარკვეული სპეკულაციების და ინტრიგების საგანი… ჩემთვის ძალიან მძიმეა ამ ყველაფრის აღქმა, თუ რატომ შეიძლება, ადამიანის სიცოცხლე იყოს გარკვეული სპეკულაციების, პირადი მიზნებისთვის გამოყენების საფუძველი. ამას გამოიყენებენ ყველაფრისთვის მიხეილ სააკაშვილის საუკეთესო ინტერესების გარდა”, — დასძინა მან.
რადას დეპუტატის სიტყვებით, სააკაშვილის სიცოცხლე და ჯანმრთელობა ადარდებთ მის დედას, ოჯახსა და ადვოკატებს, “ამის შემდეგ უკვე იწყება განსხვავებული სპეკულაციები და ინტრიგები”.
“მე ვფიქრობ, რომ ახლა არის დრო, რომ ეს სპეკულაციები დასრულდეს, იმიტომ, რომ რაც ხდება თუნდაც ბოლო 1 კვირის განმავლობაში, რომ ყველა ჰყვება განსხვავებულ ექსპერტიზას და არავის უნახავს დოკუმენტი, რომელშიც იქნება მტკიცებულებები…” ,— აღნიშნავს ის.
იაკოს განცხადებით, “ძალიან ბევრი პოლიტიკოსი” ახდენს სააკაშვილის ჯანმრთელობის საკითხის პოლიტიზებას და “ძალიან ცოტა ადამიანს აქვს პატივისცემა” მისი სიცოცხლის, ოჯახისა და ნათესავების მიმართ.
იასკოს თქმით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობაზე უნდა ილაპარაკონ მათ, ვინც ექსპერტიზას ატარებს, ასევე, ადვოკატებმა და “პოლიტიკასთან კავშირში არმყოფმა პირებმა”.
“ჩვენ უნდა ვილაპარაკოთ მასზე, როგორც ადამიანზე; ადამიანზე, რომელსაც აქვს უკრაინის მოქალაქეობა. არ შეიძლება იყოს გაუთავებელი საუბარი მის პოლიტიკურ ცხოვრებაზე საქართველოში. ახლა ეს არაფრით ეხმარება მიხეილ სააკაშვილს”, — ამატებს ის.
გადაცემის წამყვანმა ლიზა იასკოს უთხრა, რომ შესაძლოა, პოლიტიკოსებს გაუჩნდეთ კითხვა, “არ ვისაუბროთ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე?”
“მათ უნდა ილაპარაკონ ამ თემაზე, მაგრამ არ უნდა მოახდინონ სპეკულაცია. მე არ ვლაპარაკობ ახლა ცალკეულ პოლიტიკურ პარტიაზე”, — მიუგო რადას დეპუტატმა.
წამყვანმა დეპუტატს უხსენა “ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში” მიმდინარე პროცესებიც და ჰკითხა, აღნიშნულმა პროცესებმა და პარტიაში განხეთქილებამ ხომ არ გაუჩინა განცდა, რომ სააკაშვილის თემით სპეკულირებას აქვს ადგილი.
იასკოს თქმით, როგორც პოლიტიკოსი, არ აპირებს, შეაფასოს ეს საკითხი, თუმცა იქვე დასძენს, რომ დარწმუნებულია, “ქართული საზოგადოება კარგად ხვდება, ვინ ვინ არის”.
“…ის ბრძოლა, რომელიც ახლა მიმდინარეობს სააკაშვილის გვარის სახელით… ძალიან კარგად მესმის, როგორ ჰყვება ბევრი, თითქოს სააკაშვილის ძალიან ახლობლები არიან, მასთან ძალიან მჭიდრო კავშირში არიან და რეალურად ამ ყველაფერს იყენებენ საკუთარი მიზნებისთვის”, — აღნიშნავს იასკო.
პატიმრობაში მყოფი ექსპრეზიდენტი რუსთავის ციხიდან კლინიკა „ვივამედში“ სამკურნალოდ 12 მაისს გადაიყვანეს მას შემდეგ, რაც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა.
სააკაშვილის ოჯახის წევრები და ადვოკატები აცხადებენ, რომ საქართველოში მისი მკურნალობა შეუძლებელია და სამკურნალოდ მის საზღვარგარეთ გადაყვანას ითხოვენ.
რა ხდებოდა მანამდე
ინტერვიუს დროს ლიზა იასკოს არ დაუკონკრეტებია, ვისზე საუბრობს. 21 ნოემბერს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გარშემო მიმდინარე დისკუსიას თავად სააკაშვილიც გამომეხმაურა და დასძინა, რომ “ამ საკითხის ზედმეტი პოლიტიზება არ არის საჭირო”.
სააკაშვილის ეს განცხადება მოჰყვა ცნობებს იმის შესახებ, რომ პატიმრობაში მყოფი ექსპრეზიდენტი მოწამლულია.
მანამდე, 15 ნოემბერს, მისმა ადვოკატმა თქვა, რომ სააკაშვილი “სხვათა შორის, თვითონაც დარწმუნებულია, რომ ის არის მოწამლული”.
გელბახიანმა იქვე დაამატა: “უბრალოდ ჩვენ არ გვაქვს მტკიცებულებები ამის თაობაზე”. მანვე ახსენა სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმება და თქვა:
სააკაშვილის ორგანიზმში მძიმე მეტალების აღმოჩენაზე დედამისმა, გიული ალასანიამაც ილაპარაკა გასული კვირის ბოლოს. 19 ნოემბრის საღამოს “მთავარ არხთან” საუბრისას მან დასძინა, რომ ექსპერტების დასკვნაში ნახსენები იყო ნივთიერებები, თუმცა არ იყო საუბარი დეტალებზე.
“ამერიკელ ექიმებს გაუჩნდათ სურვილი, რომ ტოქსიკოლოგიური ანალიზიც გაკეთებულიყო. მე რამდენადაც ვიცი, გაიგზავნა ეს ანალიზები და გაკეთდა.
დიდხანს ვეღარ ვიღებდით ამ პასუხს… პასუხმა დაიგვიანა და ბოლოს და ბოლოს მივიღეთ, რაღაცა მივიღეთ. იქ იყო ჩამონათვალი ამ რაღაც მძიმე მეტალების, მაგრამ არ იყო მოცემული განმარტება, ამიტომ ჩემთვისაც არ იყო ბოლომდე ნათელი, რას ნიშნავდა ეს”.
“მახსოვს, რომ იყო ვერცხლისწყალი, ბარიუმი, თალიუმი, მაგრამ განმარტებების გარეშე იყო”, — აღნიშნა ექსპრეზიდენტის დედამ.
გიული ალასანიას თქმით, მისი “ინტუიციით არის შთაბეჭდილება, ხომ არ არის ეს ინტოქსიკაცია”, მაგრამ იქვე გაუსვა ხაზი, რომ ეს დიაგნოზი არ არის.
“…მე არც ექიმი ვარ და არც ადვოკატი. მაგრამ ინტუიცია არ ნიშნავს დიაგნოზს. მე ვერ დავსვამ დიაგნოზს”, — დასძინა მან.
პენიტენციური სამსახურის გამოხმაურება
სააკაშვილის ადვოკატის საპასუხო განცხადებაში სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა აღნიშნა, რომ მოწამვლის შესახებ ინფორმაციის უტყუარობის დამადასტურებელი ოფიციალური დასკვნა უწყებისთვის არავის მიუწოდებია.
“მსჯავრდებული სააკაშვილი იმყოფება საავადმყოფოში სამედიცინო მეთვალყურეობის ქვეშ და უტარდება შესაბამისი სამედიცინო ღონისძიებები.
საზოგადოების არასწორი ინფორმირების თავიდან არიდების მიზნით მოვუწოდებთ ყველას გადაუმოწმებელი და ფაქტებით გაუმყარებელი ინფორმაციის გავრცელებისგან თავის შეკავებისკენ”, — ნათქვამია განცხადებაში.