ახალი ამბები

ძლიერი მიწისძვრა თურქეთში: დაშავდა ათეულობით ადამიანი

23 ნოემბერი, 2022 • 3490
ძლიერი მიწისძვრა თურქეთში: დაშავდა ათეულობით ადამიანი

დასავლეთ თურქეთის ქალაქ დუზჯესთან ახლოს მომხდარი ძლიერი სიმძლავრის მიწისძვრის შედეგად ათეულობით ადამიანი დაშავდა. არაერთი შენობა დაზიანდა, მრავალ შეშინებულ მოქალაქეს სახლების დატოვება და ღამის ღია ცის ქვეშ გატარება მოუწია.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, 22 ნოემბრის ღამით მომხდარი მიწისძვრის სიმძლავრე 5.9 მაგნიტუდას შეადგენდა. ბიძგები იგრძნეს სხვა ქალაქებშიც, მათ შორის, ეპიცენტრიდან 200 კმ-ით დაშორებულ სტამბოლში.

დუზჯეს სასამართლო მიწისძვრის შემდეგ. ფოტო: AA 

დუზჯესთან მომხდარი მიწისძვრის შედეგები. ფოტო: DHA

დუზჯესთან მომხდარი მიწისძვრის შედეგები. ფოტო: DHA

ხელისუფლების ინფორმაციით, დაშავებულია 46 ადამიანი, მათ შორის 37 პირი – დუზჯეში. მოქალაქეები ასევე დაშავდნენ სტამბოლის, ბოლუს, ზონგულდაქისა და საქარიის პროვინციებში.

თურქული მედიის მიერ გადაღებულ ფოტოებზე დაზიანებული შენობები ჩანს, ასევე, სახლებიდან გამოსული შეშინებული მოქალაქეები, რომლებიც ღია ცის ქვეშ, ცეცხლთან თბებოდნენ.

ვრცელდება ცნობები, რომ ზოგიერთი მოქალაქე აივნიდან გადახტა. არის ინფორმაციაც ელექტროენერგიის პრობლემების შესახებ.

მრავალ მოქალაქეს სახლების დატოვება მოუწია მისიწძვრის გამო. ფოტო: DHA

მრავალ მოქალაქეს სახლების დატოვება მოუხდა მისიწძვრის გამო. ფოტო: DHA

5.9 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრას 20 წუთის შემდეგ 4.7 მაგნიტუდის ბიძგები მოჰყვა. ჯამში, თურქული Anadolu-ს მიხედვით, პირველი მიწისძვრის შემდეგ 74 აფთერშოკი დაფიქსირდა.

დუზჯეს გუბერნატორის თქმით, ოთხშაბათს სკოლები დაიხურება.

1999 წელს დუზჯეს პროვინციაში 7.2 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა, რასაც 700-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.

მასალების გადაბეჭდვის წესი