ახალი ამბები

კომიტეტმა გასაუბრებაში მონაწილე ომბუდსმენობის ყველა კანდიდატს მხარი დაუჭირა

21 ნოემბერი, 2022 • 1003
კომიტეტმა გასაუბრებაში მონაწილე ომბუდსმენობის ყველა კანდიდატს მხარი დაუჭირა

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა სახალხო დამცველის პოსტზე წარდგენილ  ყველა კანდიდატებს კენჭი უყარა.

კომიტეტმა მხარი დაუჭირა ყველა იმ კანდიდატს, რომელმაც კომიტეტზე გასაუბრება გაიარა და ამასთან, საკუთარი კანდიდატურაც არ მოხსნა.

კომიტეტის თავმჯდომარის მიხეილ სარჯველაძის თქმით, ფრაქცია „ქართულმა ოცნებამ“ გადაწყვიტა, რომ  ყველა კანდიდატს, ვინც კომიტეტმა განიხილა და მონაწილეობა მიიღო პროცესში, მხარი დაუჭიროს და საკითხი გადაწყვეტილების მისაღებად პლენარულ სხდომას დაუტოვოს.

შესაბამისად, კომიტეტმა მხარი არ დაუჭირა არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ წარდგენილ ერთ-ერთ კანდიდატს, ნაზი ჯანეზაშვილს, რომელმაც კომიტიტში გასაუბრებაზე მისვლაზე უარი განაცხადა, თუმცა საკუთარი კანდიდატურა არ მოუხსნია. კომიტეტზე კენჭისყრისას ჯანეზაშვილს მხარი მხოლოდ ორმა ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ანა ნაცვლიშვილმა და ნატო ჩხეიძემ, დაუჭირა, რაც კომიტეტის დადებითი რეკომენდაციისთვის საკმარისი არაა.

ამასთან, კომიტეტზე კენჭირსყრისას ყველაზე მეტი – 9 ხმა არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ წარგდენილმა ერთ-ერთმა კანდიდატმა გიორგი ბურჯანაძემ მიიღო, ხოლო არასამთავრობოების წარდგენილმა კიდევ ერთმა კანდიდატმა ანა აბაშიძემ კომიტეტზე 7 ხმა მიიღო.

რაც შეეხება სამ კანდიდატს, რომლებმაც თავიანთი კანდიდატურები მოხსნეს- ჯემალ ნათელაშვილს, გიორგი ცობეხიას, ნიკოლოზ ნიკოლაძეს- მათ კომიტეტმა კენჭი ფორმალურად უყარა და მხარი არ დაუჭირა.

ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს მიხეილ სარჯველაძეს დეპუტატმა ანა ბუჩუკურმა ჰკითხა, პლენარულ სხდომაზე კენჭისყრისთვის გავა თუ არა ყველა კანდიდატი?

„დიახ, ასეა გათვალისწინებული პროცედურის მიხედვით. თუმცა ერთი პროცედურაა მხედველობაში მისაღები. ჩვენ ამ წუთას კი არ ვწყვეტთ, პლენარულ სხდომაზე რომელი კანდიდატი გავა და რომელი არა, უბრალოდ, ვისზე ვეტყვით,კომიტეტის მხრიდან, რომ ამას ვემხრობით, ამაზეა საუბარი.

სამომავლოდ გადასაწყვეტი იქნება და მეც მეჩვენება, რომ იმ კანდიდატებზე კენჭისყრა, რომლებმაც უარი თქვეს საერთოდ მონაწილეობაზე, იმიტომ, რომ არის რეგლამენტში დათქმა, რომელიც ითვალისწინებს თანხმობის მოპოვებას კენჭისყრამდე და ეს მხედველობაში იქნება მისაღები“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

მასალების გადაბეჭდვის წესი