ახალი ამბები

თეთრი სახლის თქმით, მხოლოდ ზელენსკის შეუძლია მოსკოვთან მოლაპარაკებებზე გადაწყვეტილების მიღება

19 ნოემბერი, 2022 • 864
თეთრი სახლის თქმით, მხოლოდ ზელენსკის შეუძლია მოსკოვთან მოლაპარაკებებზე გადაწყვეტილების მიღება

თეთრ სახლში ამბობენ, რომ მხოლოდ უკრაინის პრეზიდენტს შეუძლია რუსეთთან სამშვიდობო მოლაპარაკებების დაწყებაზე გადაწყვეტილების მიღება და უარყოფენ მოსაზრებას, რომ ვაშინგტონი კიევს მოსკოვთან მოლაპარაკებებს აიძულებს.

“…ვთქვით, რომ ზელენსკიმ უნდა განსაზღვროს, მზად არის თუ არა მოლაპარაკებებისთვის, როდის გაიმართება და როგორი იქნება  ეს მოლაპარაკებები”.

”ამერიკის შეერთებული შტატებიდან არავინ უბიძგებს მას [მოლაპარაკებების] მაგიდისკენ”, — ციტირებს სააგენტო AFP თეთრი სახლის უსაფრთხოების საბჭოს სპიკეს, ჯონ კირბის.

მანამდე, აშშ-ის შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბების კომიტეტის მეთაურმა მარკ მილიმ განაცხადა, რომ ბრძოლის ველზე დიდი გამარჯვებებისა და რუსეთის ძალების მნიშვნელოვნად დასუსტების შემდეგ, კიევს შეეძლო, ესარგებლა და დაეწყო მოლაპარაკებები მოსკოვთან.

მილის თქმით, ნაკლებად სავარაუდოა, რომ უკრაინული ძალები შეძლებენ, სამხედრო გზით მალე დაიბრუნონ რუსეთის მიერ ოკუპირებული მიწები, განსაკუთრებით — ყირიმი.

თუმცა, ჟურნალისტებთან საუბრისას ჯონ კირბიმ ხაზი გაუსვა, რომ აშშ-ის მხრიდან არანაირი ზეწოლა არ ყოფილა.

”ჩვენ არ ვაპირებთ დისკუსიას რუსებთან უკრაინაში ომის დასრულებაზე, იმ შემთხვევაში, თუ უკრაინა არ იქნება ამ საუბრის მონაწილე”.

“ეს საუბრები არ მიმდინარეობს, რადგან პრეზიდენტმა ზელენსკიმ ნათლად თქვა, რომ ამისთვის მზად არ არის”.

“და თქვენ მას ვერ დაადანაშაულებთ”, — დასძინა კირბიმ ზელენსკიზე საუბრისას, ვინაიდან მანამდე თავად რუსეთმა მიანიშნა, რომ არ არის მზად მოლაპარაკებისთვის.

რუსეთი უკრაიმაში 24 თებერვალს შეიჭრა და მას შემდეგ ბომბავს როგორც სამხედრო, ისე სამოქალაქო ობიექტებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი