ახალი ამბები

კანდიდატის სტატუსი ბევრ ქვეყანას აქვს და განსაკუთრებული არაფერი მომხდარა — ღარიბაშვილი

18 ნოემბერი, 2022 • 910
კანდიდატის სტატუსი ბევრ ქვეყანას აქვს და განსაკუთრებული არაფერი მომხდარა — ღარიბაშვილი

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი ძალიან ბევრ ქვეყანას აქვს მიღებული, თუმცა ამით განსაკუთრებული არაფერი მომხდარა, რადგან წლებია, ისინი წევრობას ელოდებიან.

ამის შესახებ მან დღეს, 18 ნოემბერს, პარლამენტში ინტერპელაციის წესით მოსმენისას განაცხადა. ღარიბაშვილი პარლამენტში ოპოზიციონერი დეპუტატების მიერ  სწორედ საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით იყო დაბარებული.

ღარიბაშვილის თქმით, ოპოზიცია ხალხს ატყუებს, რომ თუ ქვეყანა სტატუსს მიიღებს, სასწაული მოხდება, ან თუ ვერ მიიღებს, „დაინგრევა“.

„დღეს არის ურთულესი დრო, მაგრამ, ამავდროულად, არის შესაძლებლობა, რომ ამ გამოწვევებით აღსავსე დროში და ეპოქიდან გამოვიდეთ გამარჯვებულები. ჩვენი მთავარი ოცნება და საზრუნავი უნდა იყოს ქვეყნის გაერთიანება. მინდა მივმართო ოპოზიციას, ქვეყნის გაერთიანების გარეშე როგორ წარმოგიდგენიათ საქართველოს მომავალი.

24 საათი ლაპარაკობთ სტატუსზე, გასაგებია, გავიგეთ, აბსოლუტურად გეთანხმებით, რომ სტატუსი არის მნიშვნელოვანი. ასევე მინდა შეგახსენოთ, ჩვენს თანამოქალაქეებს მინდა ვუთხრა, რომ კანდიდატის სტატუსი ძალიან ბევრ ქვეყანას აქვს მიღებული და მას შემდეგ ისინი წლებია ელოდებიან წევრობასაც და არაფერი განსაკუთრებული არ მომხდარა მათ შემთხვევაში. ეს არის ერთი ეტაპი, ესაა პროცესი, ამის შემდეგ იწყება კიდევ სხვა პროცესი და ა.შ. წლები დასჭირდება იმას, რომ ჩვენი ქვეყანა გახდეს ევროკავშირის წევრი. ამას სჭირდება მომზადება, ამას არ სჭირდება ფარისევლობა და ტყუილი, რომ გამოდიხართ და ატყუებთ ხალხს, რომ რაღაც სასწაული მოხდება და დაინგრევა, თუ არ მივიღებთ სტატუსს.

სტატუსს მიიღებს საქართველო იმიტომ, რომ ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ და ვაკეთებთ. რა თქმა უნდა, ესაა პოლიტიკური გადაწყვეტილება და ჩვენ ამისთვის ყველა ნიადაგს ვქმნით, ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ჩვენს პარტნიორებს ვაჩვენოთ სრული მზაობა“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი