ახალი ამბები

წლების წინ აღებული სესხის გამო პენსიონერს პენსია დაუკავეს, რაც საიამ გაასაჩივრა

18 ნოემბერი, 2022 •
წლების წინ აღებული სესხის გამო პენსიონერს პენსია დაუკავეს, რაც საიამ გაასაჩივრა

„ლიბერთი ბანკმა“ წლების წინ აღებული სესხის გამო პენსია დაუკავა მოქალაქეს, რომელიც პენსიონერი იანვარში გახდა. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ აღნიშნული გაასაჩივრა, რის გამოც ბანკმა უკან წაიღო თავისი გადაწყვეტილება.

ამ და სხვა საკითხებზე, რომლებიც ქვეყანაში ხანდაზმულთა უფლებრივ მდგომარეობას ეხება, არასამთავრობო ორგანიზაციამ 2022 წლის ანგარიში გამოაქვეყნა.

ანგარიშის თანახმად, საქართველოში არ არსებობს სპეციალური კანონმდებლობა უშუალოდ ხანდაზმული ადამიანების უფლებების შესახებ, რომელიც მათი დაცვისა და სახელმწიფოს პოზიტიური ვალდებულებების ფარგლებს დაადგენდა. თუმცა, ორგანიზაციის ცნობით, ამასთან დაკავშირებულ გარკვეულ დებულებებს შეიცავს სხვადასხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტი, რომლებიც ფრაგმენტულად არეგულირებს ხანდაზმულთა უფლებებთან დაკავშირებულ ცალკეულ საკითხებს.

ანგარიში 2021 წლის სექტემბრიდან 2022 წლის სექტემბრამდე პერიოდს მოიცავს. საიას განცხადებით, პროგრამის “ხანდაზმულთა უფლებების დაცვა და ხელშეწყობის” ფარგლებში ორგანიზაციამ 60 წელს გადაცილებულ 1 200-ზე მეტ პირს გაუწია სამართლებრივი დახმარება.

საიას განცხადებით, ხანდაზმულების შეკითხვები შეეხებოდა სამეზობლო სამართალთან დაკავშირებულ თემებს, სახელშეკრულებო დავებს, საოჯახო სამართლის საკითხებს, მემკვიდრეობითი სამართლის საკითხებს, სამოქალაქო საპროცესო სამართალთან დაკავშირებულ თემებს, სოციალურ დახმარებას, მხარდაჭერის მიმღებად ცნობის საკითხებს და სხვა.

ერთ-ერთი დავა შეეხებოდა ხანდაზმული პირებისთვის სახელმწიფო პენსიის დაკავებას. კერძოდ, საიას ინფორმაციით, „ლიბერთი ბანკის“ ერთ-ერთ ფილიალში პენსიის მიღებაზე უარი განუცხადეს პირს, რომელსაც საპენსიო ასაკი 2022 წლის იანვარში შეუსრულდა. ამის მიზეზად კი ბანკის წარმომადგენელმა წლების წინ აღებული სასესხო ვალდებულება დაუსახელეს.

აღნიშნულთან დაკავშირებით პენსიონერმა საიას მიმართა. ორგანიზაციამ კი საჩივრით მიმართა ბანკს, რომლითაც მოითხოვა სასამართლო გადაწყვეტილების გარეშე დაკავებული პენსიის პენსიონერისთვის გადაცემა და წერილობითი განმარტების მიღება თანხის დაკავების საფუძველთან დაკავშირებით. საბოლოოდ ბანკმა გაითვალისწინა აღნიშნული საჩივარში წარდგენილი არგუმენტაცია, კერძოდ კი, კანონმდებლობის შესაბამისად, პენსიის დაკავების საფუძველი შეიძლება იყოს სასამართლოს ან შესაბამისი ორგანოს გადაწყვეტილება. სასამართლო გადაწყვეტილებით, შესაძლებელია პენსიის მაქსიმუმ 50%-ის დაკავება.

“ბოლო პერიოდში საიას ამ ტიპის პრობლემასთან დაკავშირებით სხვა მოქალაქეებმაც მომართეს. შესაბამისად, ამ საქმეზე დადგენილი პრაქტიკა, შესაძლოა, სხვა პენსიონერებისთვისაც სასარგებლო იყოს”, – განმარტავს საია.

გარდა ამისა, ორგანიზაციის ცნობით, „ხანდაზმულთა უფლებების დაცვისა და ხელშეწყობის“ პროექტის ფარგლებში არაერთი პრობლემა გამოავლინეს, რომელთა გადაჭრაც, საიას შეფასებით, ხანდაზმულ პირთა უფლებრივ მდგომარეობას მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს და ხელს შეუწყობს ქვეყანაში მათ ღირსეულ, თანასწორ თანაცხოვრებას.

“ორგანიზაციის მიერ იდენტიფიცირებული შემთხვევები და წარმოდგენილი რეკომენდაციებიც ძირითადად სწორედ ამ საკითხებს შეეხება. შესაბამისად, ანგარიშს არ აქვს საყოველთაობის პრეტენზია და არ მოიცავს იმ სამართლებრივი პრობლემების ამომწურავ ანალიზს, რომლებიც შეიძლება ხანდაზმულ პირებს გააჩნდეთ”, – აღნიშნავს საია.

ორგანიზაცია გამოკვეთილი პრობლემებისა და საჭიროებების საფუძველზე სხვადასხვა უწყებას მიმართავს შემდეგი რეკომენდაციებით:

საქართველოს პარლამენტს:

  • გადახედოს ცალკეული თანამდებობის დასაკავებლად დადგენილ ზღვრულ ასაკს და შეუსაბამოს ის საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ ასაკის ნიშნით თანამდებობაზე წვდომის შეზღუდვასთან დაკავშირებით დადგენილ სტანდარტებს.

საქართველოს მთავრობას:

  • „საქართველოში მოსახლეობის დაბერების საკითხებზე სახელმწიფო პოლიტიკის კონცეფციის 2017-2018 წლების ეროვნული სამოქმედო გეგმის“ შესრულების შედეგების გაანალიზების საფუძველზე, შეიმუშაოს და დაამტკიცოს დაბერების საკითხზე ახალი ეროვნული სამოქმედო გეგმა, რომელიც ორიენტირებული იქნება ხანდაზმული პირების უფლებების ეფექტიან დაცვაზე.
  • გაიზარდოს სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის სახელმწიფო პროგრამის იმ ცალკეული ქვეპროგრამების ბენეფიციართა რაოდენობა, რომლებიც განკუთვნილია ხანდაზმული პირებისთვის (ომის მონაწილეთა რეაბილიტაციის ხელშეწყობა, დამხმარე საშუალებებით უზრუნველყოფა, სათემო ორგანიზაციები) და უზრუნველყოს მათი დროული ხელმისაწვდომობა ყველა შესაბამისი საჭიროების მქონე ხანდაზმულისთვის.

ჯანდაცვის სამინისტროს და სსიპ – სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს:

  • შეისწავლოს სპეციალიზებულ დაწესებულებებში მოთავსებული ხანდაზმული პირების მდგომარეობა, მოახდინოს დარღვევებზე ეფექტიანი რეაგირება და დაუყოვნებლივ უზრუნველყოს მათთვის ღირსეული პირობების შექმნა.

ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს:

  • მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრებ ხანდაზმულ პირთა საჭიროებების შესწავლის საფუძველზე, შეიმუშაონ მიზნობრივი პროგრამები და მათ განსახორციელებლად ადგილობრივი თვითმმართველობის ბიუჯეტში გამოყონ შესაბამისი ფინანსები; საჭიროების შემთხვევაში გაზარდონ ბიუჯეტი და მოიძიონ დამატებითი სახსრები.

მზღვეველს ან/და დაზღვევის შუამავლებს:

  • გადახედონ სამოგზაურო დაზღვევის ხელშეკრულებებს და უზრუნველყონ იმგვარი საკონტრაქტო პირობების პრევენცია, რომლებიც განაპირობებს ასაკის ნიშნით პირთა დისკრიმინაციას.

პენსიის გაცემაზე პასუხისმგებელ ბანკს:

  • სასამართლოს შესაბამისი გადაწყვეტილების გარეშე, პენსიის მიმღებ პირს არ დაუკავოს სახელმწიფო პენსია იმის გამო, რომ მას ბანკის წინაშე აქვს შესასრულებლად სავალდებულო სახელშეკრულებო ვალდებულება.

მასალების გადაბეჭდვის წესი