ახალი ამბები

ორი ღამე რედისონში – ჟურნალისტის მოქრთამვა?

19 მაისი, 2010 • 1349
ორი ღამე რედისონში – ჟურნალისტის მოქრთამვა?

”ეს არის მოქრთამვის საუკეთესო ფორმა, ამ შემთხვევაში ჟურნალისტი ხდება ანგარიშვალდებული მერიის წინაშე“,- აცხადებს მედიის ექსპერტი   ზვიად ქორიძე საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტის კომენტართან დაკავშირებით.

”თბილისის მერიას ვთხოვე, რომ წინასაარჩევნო პერიოდში, რადგან ასე ვიღლებით, რაღაც რაღაცეებს ვერ ასწრებს ცოლ ქმარი და ღამე მუშაობაც გვიწევს, 2 ღამის რედისონში გატარება ცოლ-ქმრული მოვალეობისთვის. ამისრულეს, რისთვისაც დიდი მადლობა” – ამბობს  საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტი ქეთი ბოჯგუა.

 

ნეტგაზეთმა სწორედ ამ ფაქტის შესახებ კომენტარი ქორიძეს სთხოვა: ”მნიშვნელობა არა აქვს, წინასაარჩენო პერიოდია თუ არა, ჟურნალისტის მიერ  მსგავსი საჩუქრის მიღება დაუშვებელია”.

ქეთი ბოჯგუამ ეს განცხადება მას მოდა 2010 ის დახურვის ცერემონიალის დროს გააკეთა და კომენტარი საზოგადოებრივ მაუწყებელის ეთერით  16 მაისს მოამბის 4 საათის გამოშვებაში გადაიცა.

 ქეთი ბოჯგუა ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის პრესსამსახურის უფროსის ბექა კოკაიას მეუღლეა.

საიას აღმასრულებელი დირექტორი გიორგი ჩხეიძე ამბობს, რომ ეს არ არის საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევა,

„ეს რომ კონკრეტული კანდიდატის ინიციატივა ყოფილიყო, ნამდვილად ჩავთვლიდით, რომ აქ შეიძლება ადგილი ჰქონოდა ამომრჩევლის მოსყიდვას და საჩივარსაც შევიტანდით.  ზოგადად, წინასაარჩევნო პერიოდში მერიის საქმიანობას მუდამ კრიტიკულად ვაფასებდით, მაგრამ  აქვე ყოველთვის  ნათელი იყო, რომ კანონი არ ზღუდავს მედიის მხრიდან ნებისმიერ საქმიანობას, მათ შორის, გარკვეული ღონისძიების სპონსორობას. ეს საარჩევნო დარღვევად არ ითვლება“.

გიორგი ჩხეიძე ამბობს, რომ ეს ჟურნალისტურ ეთიკასთან დაკავშირებული საკითხია: „რამდენად არის მისაღები, ჟურნალისტური ეთიკიდან გამომდინარე, რომ ჟურნალისტმა წინასაარჩევნო პერიოდში  მსგავსი საჩუქარი მიიღოს, ეს სხვა საკითხია და ამ შემთხვევაში  არა აქვს მნიშვნელობა, ის ჟურნალისტი ვისი მეუღლეა და სად მუშაობს. კონკრეტულ შემთხვევაში, უფრო იმ ექსპერტებს მივცემდი საშუალებას, რომლებიც ამ თემის ე.ი. ჟურნალისტური ეთიკის  მცოდნეები არიან, რომ მათ შეაფასონ ეს ფაქტი“,-  ამბობს გიორგი ჩხეიძე.

მისივე თქმით, ამავე დროს, ეს არის პირადი საკითხი და ამასთან დაკავშირებით საია არაფერ შუაშია. თუ საიას რომელიმე თანამშრომლის მეუღლე ჟურნალისტური ეთიკის რაიმე საკითხთან არის დაკავშირებული, გიორგი ჩხეიძის თქმით, ეს გავლენას არ მოახდენს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის საქმიანობაზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი