ახალი ამბები

“მიშა უნდა გადარჩეს” — სააკაშვილის მამა მოქალაქეებს 20 ნოემბერს მთავრობის ადმინისტრაციასთან მისვლას სთხოვს

18 ნოემბერი, 2022 • 946
“მიშა უნდა გადარჩეს” — სააკაშვილის მამა მოქალაქეებს 20 ნოემბერს მთავრობის ადმინისტრაციასთან მისვლას სთხოვს

მიხეილ სააკაშვილის მამა მოქალაქეებს მოუწოდებს, 20 ნოემბერს, 14 :00 საათზე, მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან მივიდნენ. ნიკოლოზ სააკაშვილის თქმით, მის შვილს “სასწრაფოდ სჭირდება საზღვარგარეთ სამკურნალოდ გაყვანა”.

“კაცი ციხის პირობებში დაავადდა უმძიმესი სენებით და დღეს უკვე იბრძვის სიცოცხლის უფლებისათვის”, — წერს ის და დასძენს, რომ ექსპრეზიდენტი ამ ხელისუფლების პირობებში არის “აბსოლუტურად შეთითხნილი ბრალდებებით პატიმარი”.

ნიკოლოზ სააკაშვილის სიტყვებით, საქართველოს მესამე პრეზიდენტი “გადასარჩენია”.

“დავდგეთ ერთად და მივაწვდინოთ ხალხის ხმა ამ ხელისუფლებას. სამწუხაროდ, ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობა არ მაძლევს უფლებას ვიყო ფიზიკურად აქტიურად ჩართული მიშას სიცოცხლის გადარჩენის პროცესში.

დავუდგეთ ერთმანეთს და მიშას გვერდით , არ დავუშვათ, რომ საქართველო გადაიქცეს ქვეყნის პრეზიდენტების სასაკლაოდ. მიშას სასწრაფოდ სჭირდება საზღვარგარეთ სამკურნალოდ გაყვანა.

დავრწმუნდით, რომ აქ ამის უნარი ნებით თუ უნებლიეთ არ გააჩნიათ-სამწუხაროდ”, — წერს ნიკოლოზ სააკაშვილი.

განცხადების ბოლოს ის მოქალაქეებს აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს:

“თხოვნაა – 20 რიცხვში 14 ს. მობრძანდით მთავრობის კანცელარიასთან. თავისუფლება მიხეილ სააკაშვილს! უფალი იყოს მისი მფარველი. მიშა უნდა გადარჩეს!”

მიხეილ სააკაშვილი რუსთავის ციხიდან კლინიკა „ვივამედში“ სამკურნალოდ 12 მაისს გადაიყვანეს მას შემდეგ, რაც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა.

სააკაშვილის ოჯახის წევრები და ადვოკატები აცხადებენ, რომ საქართველოში მისი მკურნალობა შეუძლებელია და სამკურნალოდ მის საზღვარგარეთ გადაყვანას ითხოვენ.

გარეკანის ფოტო: კადრი ტვ “ფორმულას” ვიდეოდან

მასალების გადაბეჭდვის წესი