ახალი ამბები

ჩალაძე ენმ-ის არჩევნებში მონაწილეობას აღარ მიიღებს

16 ნოემბერი, 2022 • 933
ჩალაძე ენმ-ის არჩევნებში მონაწილეობას აღარ მიიღებს

გიორგი ჩალაძე, რომელიც ნაციონალური მოძრაობის შიდა არჩევნებში მონაწილეობდა, აცხადებს, რომ ამ არჩევნებში მონაწილეობას აღარ მიიღებს.

მანამდე არჩევნებში კანდიდატურა წამოაყენა ლევან ხაბეიშვილმა, რომელმაც ასევე განაცხადა, რომ გიორგი ჩალაძეს სთავაზობდა ერთგვარი შტაბის შექმნას, რომელიც ციხეში მყოფ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებულ საკითხებზე იმუშავებდა.

ჩალაძის განცხადებით, უწონებს შეთავაზებას ხაბეიშვილს, თუმცა აცხადებს, რომ „არანაირი შტაბების ფორმალური გაფორმება არ არის საჭირო, ეს უნდა იყოს ფართო კონსენსუსი“.

„ძალიან ვუწონებ [ლევან ხაბეიშვილს], ვიღებ ამ ნათქვამს ისე, როგორც გავიგე, რომ ეს არის ზუსტად ის, რაც დავასახელე, ჩვენი ხალხის სურვილი და იმედი მაქვს, პარტია ამომიდგება მხარში, გადავარჩინოთ ჩვენი ქვეყნის პრეზიდენტი [მიხეილ სააკაშვილი]”, – განაცხადა გიორგი ჩალაძემ.

მისივე განცხადებით, პარტიაში აქამდე იყო „უძრაობა“ და იგი მზადაა, ლევან ხაბეიშვილთან ერთად „დაჯდეს და იმუშაოს“, თუმცა აცხადებს, რომ პარტიის წევრი არ არის და არჩევნებში ხმას ხაბეიშვილს ვერ მისცემს.

გარდა გიორგი ჩალაძისა და ლევან ხაბეიშვილისა, პარტიის არჩევნებში მონაწილეობას აპირებენ ამჟამინდელი თავმჯდომარე, ნიკა მელია და პოლიტიკური აქტივისტი გიორგი მუმლაძე.

მასალების გადაბეჭდვის წესი