ახალი ამბები

თურქეთში გარდაცვლილი მოზარდის ოჯახი ცხედრის გადმოსვენებაში დახმარებას ითხოვს

16 ნოემბერი, 2022 •
თურქეთში გარდაცვლილი მოზარდის ოჯახი ცხედრის გადმოსვენებაში დახმარებას ითხოვს

თურქეთის კლინიკაში გარდაცვლილი მოზარდის ოჯახი ცხედრის საქართველოში გადმოსვენებას ვერ ახერხებს და დახმარებას ითხოვს. მოზარდი თურქეთის ერთ-ერთ კლინიკაში მიელოიდური ლეიკემიის დიაგნოზით მკურნალობდა. ის 14 ნოემბერს გარდაიცვალა.

როგორც ოჯახის ახლობელი, სოფიო ჩიკვილიძე აცხადებს, ოჯახს აღნიშნული კლინიკის დავალიანება აქვს 44 ათასი აშშ დოლარი, მისი დაფარვის გარეშე კი კლინიკა გარდაცვლილი მოზარდის საქართველოში გადმოსვენების საშუალებას არ აძლევს.

“ნეტგაზეთი” საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა. უწყებაში აცხადებენ, რომ თურქეთში საქართველოს საკონსულო ჩართულია პროცესში და “ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ მოხდეს ცხედრის გადმოსვენება”. სამინისტროს ცნობით, საკონსულოს წარმომადგენლები კლინიკაშიც იმყოფებოდნენ და მუდმივ კონტაქტზე არიან ოჯახის წევრებთან.

განახლება: 17 ნოემბერს დაღუპული მარიამ გოგიაშვილის ოჯახის წევრებმა, მათ შორის, დედამ ფეისბუკზე დაწერა, რომ თანხის გადმორიცხვა საჭირო აღარაა.

„მეგობრებო დაგვიკავშირდა საქართველოს ელჩი თურქეთში, ბატონი გიორგი ჯანჯღავა. პრემიერ მინისტრმა იცის უკვე ყველაფერი. მაქსიმალურს აკეთებენ, რომ დროულად გადმოვასვენოთ მარიამი საქართველოში.

გვითხრა, რომ აღარაა საჭირო თანხის მოგროვება და ჩვენ არ გვჭირდება აღარაფრის გადახდა. ყველას ვეებერთელა მადლობა თანადგომისთვის,“ – წერს ოჯახის წევრი, სოფიო ჩიკვილაძე.

შენიშნვა: სტატიის თავდაპირველ ვერსიაში მითითებული იყო ოჯახის წევრების ანგარიშის ნომრები, თუმცა ზემოთ აღნიშნული განცხადების შემდეგ “ნეტგაზეთმა” სტატიიდან ანგარიშის ნომრები წაშალა.

მასალების გადაბეჭდვის წესი