ახალი ამბები

ნუჟინი მისივე ნებაყოფლობით გავცვალეთ — პოდოლიაკი

16 ნოემბერი, 2022 • 1362
ნუჟინი მისივე ნებაყოფლობით გავცვალეთ — პოდოლიაკი

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მრჩეველი მიხაილო პოდოლიაკი ამბობს, რომ ყოფილი პატიმარი, „ვაგნერის“ ჯგუფის მებრძოლი ევგენი ნუჟინი, რომლის მკვლელობის ვიდეოც ინტერნეტში გავრცელდა, უკრაინამ რუსეთში სამხედრო ტყვეების გაცვლის შედეგად გაგზავნა.

პოდოლიაკის თქმით, ნუჟინმა გაიარა სამხედრო ტყვეების გაცვლის ოფიციალური პროცედურა, ანუ მან, ყველა სამართლებრივი წესის შესაბამისად, ხელი მოაწერა ნებაყოფლობით თანხმობას გაცვლაზე.

„ჩვენ გვაქვს ძალიან მარტივი მიდგომა. დატყვევებულ ჯარისკაცს შეუძლია, ხელი მოაწეროს ნებაყოფლობით უარს გაცვლის პროცედურაზე და ეს ჩვენთან დაფიქსირდება“, — განაცხადა პოდოლიაკმა „დოჟდის“ ეთერში.

მან უარყო ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ნუჟინი 20 უკრაინელ სამხედრო ტყვეში გაცვალეს. მისივე თქმით, გაცვლა მოხდა „პაკეტი პაკეტზე“ წესით. პოდოლიაკმა თქვა, რომ უკრაინამ დაიბრუნა 47 ჯარისკაცი, რუსეთმა — საკუთარი ჯარისკაცების „გარკვეული რაოდენობა“.

პოდოლიაკის თქმით, Wagner PMC-ის დამფუძნებელს, ევგენი პრიგოჟინს შეეძლო ნუჟინი საკუთარი პროპაგანდისტული მიზნებისთვის გამოეყენებინა სამხედრო კაცის დემონსტრაციული სიკვდილით დასჯის მოწყობით.


„ტელეგრამის“ რუსულ არხებზე გავრცელდა ვიდეო, რომლის მიხედვითაც, კერძო სამხედრო დაჯგუფება „ვაგნერის“ წევრებმა სიკვდილით დასაჯეს ყოფილი მსჯავრდებული ევგენი ნუჟინი, რომელიც მანამდე უკრაინელთა ტყვეობაში იმყოფებოდა.

ომში წასვლამდე ევგენი ნუჟინი სასჯელს რამდენიმე ბრალდებით იხდიდა – მკვლელობა, სხვისი ქონების განადგურება, ხულიგნობა და გაქცევის მცდელობა. სააგენტო „უნიანის“ ცნობით, ნუჟინი თავის დროზე პირადად ევგენი პრიგოჟინმა გამოიყვანა რიაზანის გამოსასწორებელი კოლონიიდან. ომში გაგზავნის შემდეგ კი უკრაინელთა ტყვეობაში აღმოჩნდა, უკრაინის მხარეს ბრძოლის სურვილი გამოთქვა და უკრაინელ ჟურნალისტს ინტერვიუც მისცა.

ინტერვიუში ნუჟინი პუტინს აკრიტიკებდა.

წინასწარი ინფორმაციით, ნუჟინი გაცვალეს, რის შემდეგაც ხელახალ „ტყვეობაში“ აღმოჩნდა – ამჯერად- „ვაგნერელებთან“, რომლებმაც თავი უროთი გაუხეთქეს და ეს ვიდეოზე გადაიღეს. ვიდეოს ახლდა მინაწერი, რომ „მოღალატემ ჭეშმარიტად ვაგნერული სასჯელი მიიღო“.

ასეთი ფორმით დასჯა „ვაგნერელებისთვის“ ჩვეული ამბავია და მანამდე სირიაშიც გამოუყენებიათ.

კორუფციისა და წამების წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო კომიტეტმა Gulagu.net-მა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მოუწოდა, განმარტოს, თუ გავრცელებული ვიდეო ფეიკი არ არის, როგორ აღმოჩნდა უკრაინის შეიარაღებულ ძალებს ჩაბარებული ევგენი ნუჟინი „ვაგნერის“ ხელში.

https://batumelebi.netgazeti.ge/news/448131/

მასალების გადაბეჭდვის წესი