ახალი ამბები

ერდოღანი „პატივს სცემს“ რუსეთის პოზიციას პოლონეთში რაკეტის ჩამოვარდნასთან დაკავშირებით

16 ნოემბერი, 2022 •
ერდოღანი „პატივს სცემს“ რუსეთის პოზიციას პოლონეთში რაკეტის ჩამოვარდნასთან დაკავშირებით

თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის თქმით, იგი პატივს სცემს რუსეთის განცხადებას, რომ პოლონეთში რაკეტის ჩამოვარდნასთან კრემლს კავშირი არ აქვს.

ერდოღანმა ეს განცხადება G20-ის სამიტზე გააკეთა, რომელიც ინდონეზიაში იმართება.

„ჩვენ სერიოზულად ვიღებთ რუსეთის განცხადებას, რომ მას არავითარი კავშირი არ აქვს ამასთან. ამ დილით გერმანიის კანცლერთან, ბატონ შოლცთან საუბრისას შევთანხმდით, რომ აუცილებელია დამატებითი გამოძიება“, – განაცხადა ერდოღანმა.

ქვეყნის აღმოსავლეთში, უკრაინის საზღვართან ახლოს, რაკეტა გუშინ, 15 ნოემბერს ჩამოვარდა, რამაც ორი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.

რაკეტის გასროლაში უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსეთი დაადანაშაულა, თუმცა ამ უკანასკნელმა მომხდარში მისი მონაწილეობა გამორიცხა და ფაქტს „მიზანმიმართული პროვოკაცია“ უწოდა.

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებით, „ნაკლებად სავარაუდოა, რომ რაკეტა რუსეთიდან ისროლეს“.

მასალების გადაბეჭდვის წესი