ახალი ამბები

ტრამპმა 2024 წლის არჩევნებში მონაწილეობის შესახებ განაცხადა

16 ნოემბერი, 2022 • 469
ტრამპმა 2024 წლის არჩევნებში მონაწილეობის შესახებ განაცხადა

აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ამბობს, რომ 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას აპირებს.

მან მხარდამჭერებს ერთსაათიანი სიტყვით მიმართა ფლორიდაში, მარ-ა-ლაგოს რეზიდენციაში და თქვა, რომ „ამერიკის დაბრუნება იწყება ახლავე“.

რესპუბლიკური პარტიის წევრებმა არაერთგვაროვანი დამოკიდებულება გამოხატეს ტრამპის გეგმებთან დაკავშირებით. სამხრეთ კაროლინის სენატორმა ლინდსი გრეჰემმა დაწერა, რომ ტრამპმა პრაიმერებზე „გამარჯვების გზა“ გამოკვეთა და მისი დამარცხება ძნელი იქნება.

არკანზასის გუბერნატორმა ასა ჰაჩინსონმა, რომელიც თანამდებობას ტოვებს და მას ჩაანაცვლებს ტრამპის ყოფილი სპიკერი სარა ჰაკაბი სანდერსი, თქვა, რომ „ტრამპი მართალია ბაიდენის წარუმატებლობებთან დაკავშირებით, მაგრამ მისი პატივმოყვარე გზავნილები, რომელიც ბრაზს აღვივებს, არ შეცვლილა“.

„ეს არ მუშაობდა 2022 წელს და არ იმუშავებს 2024 წელს. არსებობს უკეთესი არჩევანი“, — თქვა მან.

მარჯორი ტეილორ გრინმა, რომელმაც გაიმარჯვა შუალედურ არჩევნებში ჯორჯიაში, ტვიტერზე შეაქო ტრამპი და გააკრიტიკა მედია იმის გამო, რომ ტრამპის სიტყვის გაშუქებისას ახსენეს 6 იანვრის ბუნტი კაპიტოლიუმზე.

ყოფილი პრეზიდენტის ირგვლივ რამდნეიმე გამოძიება მიმდინარეობს, რაც არაა არჩევნებიდან მისი დისკვალიფიკაციის წინაპირობა, თუმცა შეიძლება დიდი გავლენა იქონიოს მის კამპანიაზე:

  • ნიუ-იორკში ორი გამოძიება მიმდინარეობს — ერთი სამოქალაქო და მეორე კრიმინალური, რომელიც დონალდ ტრამპის ოჯახის უძრავი ქონების კომპანიის Trump Organization-ის ბიზნესგარიგებებს შეეხება.
  • მარ-ა-ლაგო: იუსტიციის დეპარტამენტი იძიებს თეთრი სახლიდან საიდუმლო სამთავრობო დოკუმენტების გატანას ტრამპის ფლორიდის რეზიდენციაში მას შემდეგ, რაც თანამდებობა დატოვა.
  • კაპიტოლიუმზე თავდასხმა — კონგრესის კომიტეტი იკვლევს ტრამპის სავარაუდო როლს აშშ-ის კაპიტოლიუმზე თავდასხმაში.
  • ჯორჯიაში მიმდინარეობს სისხლის სამართლის გამოძიება 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების გაუქმების სავარაუდო მცდელობებზე. უცნობია, გამოძიება მიემართება თუ არა უშუალოდ ტრამპს, თუმცა ეხება მის  ზოგიერთ მოკავშირეს.

საპრეზიდენტო არჩევნებში კენჭისყრისთვის ტრამპს მოუწევს რესპუბლიკური პარტიის ნომინაციის მოგება პრაიმერის გზით. აშშ-ის 45-ე პრეზიდენტი პოპულარობას ინარჩუნებს რესპუბლიკელ ამომრჩევლებში, თუმცა მას ადანაშაულებენ, რომ შუალედურ არჩევნებში რესპუბლიკელებმა მოსალოდნელზე ცუდი შედეგი აჩვენეს და „წითელი ტალღა“ ვერ შედგა — ტრამპის ფავორიტ კანდიდატებს, რომლებიც მხარს უჭერდნენ ექსპრეზიდენტის უსაფუძვლო პრეტენზიებს 2020 წლის არჩევნების გაყალბების შესახებ, დიდწილად გაუჭირდათ არჩევნების მოგება ან დამარცხდნენ. რესპუბლიკელები უმრავლესობის მოპოვების ზღვარზე არიან წარმომადგენელთა პალატაში, თუმცა დემოკრატებმა შეინარჩუნეს სენატი.

ტრამპი დაუპირისპირდა ფლორიდის გუბერნატორ რონ დესანტისს, რომელმაც შუალედურ არჩევნებში რესპუბლიკელ კანდიდატებს შორის საუკეთესო შედეგი აჩვენა და რომელიც ასევე, სავარაუდოდ, იყრის კენჭს პარტიის 2024 წლის ნომინაციაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი