ახალი ამბები

EU რუსეთის იზოლაციის სტრატეგიაზე მუშაობს — POLITICO

15 ნოემბერი, 2022 • 551
EU რუსეთის იზოლაციის სტრატეგიაზე მუშაობს — POLITICO

POLITICO-ს ინფორმაციით, ევროკავშირი მიზნად ისახავს, რუსეთზე ახალი სტრატეგია შეიმუშაოს.

ევროკავშირის ოფიციალური პირები განიხილავენ ახალ პრინციპებს, რათა შეცვალონ მოძველებული დოკუმენტი, რომელიც წარმართავს ბლოკის პოლიტიკას მოსკოვის მიმართ.

POLITICO-ს მიერ ნანახი შიდა პროექტის თანახმად, ახალ სტრატეგიაში ყველაზე შესამჩნევი განახლებული პრინციპი არის რუსეთის საერთაშორისო იზოლაცია, რუსეთის წინააღმდეგ შემაკავებელი ზომების დაწესება და მათი გვერდის ავლის პრევენცია. ახალი სტრატეგია ეფუძნება 6 სახელმძღვანელო პრინციპს და 2016 წლის 5-პუნქტიანი დოკუმენტი უნდა ჩაანაცვლოს.

„გარკვეულწილად, შესწორება არის მხოლოდ არსებული რეალობის ასახვა. მაგრამ იმის გამო, რომ ომი ჯერ კიდევ მძვინვარებს, ყველა არ ეთანხმება, რომ ახლა არის შესაფერისი მომენტი, პასუხი გაეცეს კითხვებს, თუ როგორ უნდა მივუდგეთ ევროკავშირის გრძელვადიან ურთიერთობას მოსკოვთან. ეს ნიშნავს, რომ სავარაუდოდ, წინ იქნება განხილვა კვირების ან თვეების განმავლობაში. ეს დისკუსიები ოფიციალურად დაიწყო ორშაბათს, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე“, — წერს POLITICO.

გარდა იზოლაციისა, დოკუმენტის მთავარი პრინციპებია „ანგარიშვალდებულების უზრუნველყოფა“ რუსეთის ომის დანაშაულებზე და „ევროკავშირის მეზობლების მხარდაჭერა“, რომელშიც POLITICO-ს ცნობით, ძირითადად ეხება ბალკანეთის ქვეყნებს. დოკუმენტი, ასევე, მიუთითებს „ნატოს მოკავშირეებთან მჭიდრო თანამშრომლობაზე“, „სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერაზე“ რუსეთში და „ევროკავშირის მდგრადობის გაძლიერებაზე“, მინიშნებაა ბლოკის ენერგეტიკულ დამოკიდებულებაზე, კიბერშეტევების ზრდაზე და ციფრული დეზინფორმაციის გავრცელებაზე.

„ახალი პროექტი თითქმის არ ჰგავს იმას, რაზეც ევროკავშირი ტექნიკურად მუშაობს 2016 წლიდან. წინა დოკუმენტი მოიცავდა უამრავ პრინციპს, რომლებიც ახალ დოკუმენტში აღარ გამოიყენება: კონფლიქტის დასრულება რუსეთის მიერ მხარდაჭერილ სეპარატისტებსა და უკრაინას შორის ქვეყნის აღმოსავლეთში, შერჩევითი ჩართულობა რუსეთთან ისეთ საკითხებში, როგორიცაა კონტრტერორიზმი და ხალხთა შორის კონტაქტების მხარდაჭერა. სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება და ევროკავშირის მეზობლებთან უფრო მჭიდრო კავშირების დამყარება თავდაპირველ სიაშიც იყო. ზოგადად, განახლებულმა პროექტმა არ უნდა გამოიწვიოს დიდი პრობლემები, განაცხადეს დიპლომატებმა“, — წერს POLITICO.

გამოცემის ცნობით, ერთ-ერთი სადავო საკითხია დოკუმენტის ენა, რომელიც აცხადებს, რომ „ნორმალური ურთიერთობების დაბრუნება შეუძლებელია“, სანამ მოსკოვი უტევს უკრაინას და არღვევს საერთაშორისო კანონს. დიპლომატებმა განაცხადეს, რომ ბალტიისპირეთის ქვეყნებს უფრო მკაცრი ფორმულირება სურთ, მაგრამ გერმანია არსებული ტექსტით კმაყოფილია.

მასალების გადაბეჭდვის წესი