ახალი ამბები

კანადა უკრაინას დამატებით 500 მლნ დოლარის სამხედრო დახმარებას გაუწევს – ჯასტინ ტრუდო

14 ნოემბერი, 2022 • 1243
კანადა უკრაინას დამატებით 500 მლნ დოლარის სამხედრო დახმარებას გაუწევს – ჯასტინ ტრუდო

კანადის პრემიერ-მინისტრ ჯასტინ ტრუდოს განცხადებით, კანადა უკრაინას დამატებითი 500 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარებას გაუწევს. ამის შესახებ მან ინდონეზიაში, ბალიში გამართულ G20-ის სამიტზე განაცხადა.

ამასთან, კანადა რუსების მიმართ ახალ სანქციებს აწესებს. პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაციის ცნობით, სანქციები შეეხება რუსეთის მართმსაჯულებისა და უსაფრთხოების სექტორის 23 წევრს, მათ შორის, გამომძიებლებს, პოლიციელებს, პროკურორებს, მოსამართლეებს და ციხის ჩინოვნიკებს, რომლებიც რუსი ოპოზიციონერი ლიდერების წინააღმდეგ “ადამიანის უფლებების უხეშ და სისტემატურ დარღვევაში არიან ჩართული”:

“კანადა უკრაინის მხარდაჭერას განაგრძობს, რადგან ის რუსეთისგან იცავს საკუთარ ტერიტორიას, სუვერენიტეტს და დამოუკიდებლობას. ეს დამატებითი სამხედრო დახმარება ხელს შეუწყობს უკრაინელებს, რადგან ისინი მამაცურად აგრძელებენ ბრძოლას ვლადიმერ პუტინის უკანონო შეჭრის წინააღმდეგ, ხოლო ახალი სანქციები დამატებით ზეწოლას მოახდენს მათზე, ვინც ამ ომს უჭერს მხარს. ჩვენ, საერთაშორისო თანამეგობრობის სხვა წევრებთან ერთად, გავაგრძელებთ ჩვენს ხელთ არსებულ ყველა ინსტრუმენტის გამოყენებას, რათა რუსეთმა პასუხი აგოს უკრაინის წინააღმდეგ ჩადენილი სასტიკი ქმედებებისთვის”, – განაცხადა ტრუდომ.

კანადის თავდაცვის მინისტრ ანიტა ანანდის განცხადებით, აღნიშნული დახმარების ჩათვლით კანადის მიერ გამოყოფილი სამხედრო დახმარების ღირებულება 1 მილიარდ დოლარს აღემატება.

პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაციის თანახმად, მიმდინარე წელს კანადამ უკრაინას 3.4 მილიარდი დოლარის დახმარება გამოუყო. რაც შეეხება რუსეთთან დაკავშირებულ სანქციებს, ადმინისტრაციის ცნობით, უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ კანადამ 1 400 პირსა და სუბიექტს დაუწესა სანქციები.

მასალების გადაბეჭდვის წესი