ახალი ამბები

პუტინმა კადიროვის ცოლს “გმირი დედის” წოდება მიანიჭა

14 ნოემბერი, 2022 • 1104
პუტინმა კადიროვის ცოლს “გმირი დედის” წოდება მიანიჭა

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის ცოლს “გმირი დედის” წოდება მიანიჭა. ეს საბჭოთა პერიოდის ჯილდოა, რომელიც პუტინმა მიმდინარე წელს აღადგინა.

მედნი კადიროვას გარდა, ჯილდო ასევე მიიღო რუსეთში შემავალი იამალ-ნენთა ავტონომიური ოკრუგის მცხოვრებმა ოლგა დეხტიარენკომ.

პრეზიდენტის ბრძანებულების თანახმად, ჯილდო ქალებს გადაეცათ “ოჯახის ინსტიტუტის განმტკიცებისა და შვილების აღზრდის საქმეში დიდი დამსახურებისთვის”. ისინი ერთჯერად ანაზღაურებასაც მიიღებენ მილიონი რუბლის ოდენობით.

“გმირი დედის” ჯილდო, ვლადიმერ პუტინის ბრძანებით, 2022 წლის აგვისტოში აღდგა. ის ენიჭებათ ქალებს, რომელთაც გააჩინეს და აღზარდეს 10 ან მეტი შვილი. შვილები რუსეთის მოქალაქეები უნდა იყვნენ.

მსგავსი ჯილდო 1944 წლიდან გაიცემოდა საბჭოთა კავშირში. მის მფლობელებს შესაბამისი ორდენი ეძლეოდათ და შეღავათებით სარგებლობდნენ. სსრკ-ის დაშლამდე ის მიიღო 400 000-ზე მეტმა ქალმა, დაჯილდოების ბოლო ცერემონია კი 1991 წლის 14 ნოემბერს შედგა.

როგორც “მედუზა” წერს, რამზან კადიროვს, ოფიციალური მონაცემებით, 14 შვილი ჰყავს. მისი ცოლი მედნი კადიროვა ახმატ კადიროვის სახელობის “რეგიონული საზოგადოებრივი ფონდის” ვიცე-პრეზიდენტი და ჩეჩნეთის ხელმძღვანელის სამდივნოს უფროსის მოადგილეა.

მიმდინარე წლის ოქტომბერში რამზან კადიროვმა თქვა, რომ მისი სამი შვილი, რომელთა ასაკიც 14-დან 16 წლამდე მერყეობს, უკრაინის ფრონტზე იმყოფებოდა და საბრძოლო მოქმედებებშიც მიიღო მონაწილეობა.

კადიროვი, რომელმაც ვიდეოც გამოაქვეყნა, ამტკიცებდა, რომ მისი ვაჟები “მიუახლოვდნენ მტრის პოზიციებს და ცეცხლით მხარდაჭერა უზრუნველყვეს ჯარისკაცებისთვის, რომლებიც წინ მიიწევდნენ”.

გარეკანის ფოტო: EPA

მასალების გადაბეჭდვის წესი