ახალი ამბები

ერთადერთი გამოსავალი გაერთიანებაა – 3 ოპოზიციური პარტია ბათუმში მოქალაქეებს შეხვდა

12 ნოემბერი, 2022 • 735
ერთადერთი გამოსავალი გაერთიანებაა – 3 ოპოზიციური პარტია ბათუმში მოქალაქეებს შეხვდა

დღეს 12 ნოემბერს, სამმა ოპოზიციურმა პარტიამ, „მეტი თავისუფლება-გირჩი“, „სტრატეგია აღმაშენებელი“ და „დროა“, ბათუმში, სასტუმრო „მერიდიანში“ მოქალაქეებთან შეხვედრა გამართა ევროინტეგრაციის თემაზე.

აღნიშნული პარტიის ხელმძღვანელების განცხადებით, იმისათვის, რომ საქართველომ შეასრულოს ევროკომისიის მიერ შემოთავაზებული პუნქტები და საქართველომ მიიღოს კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, აუცილებელია „ქართული ოცნება“ ხელისუფლებას ჩამოშორდეს.

„პროევროპული საზოგადოების გაერთიანების გარეშე კი ეს შეუძლებელია“-ამბობს ოპოზიცია.

„ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი არის ჩვენი ისტორიული შესაძლებლობა, კარიც ღია და ევროპარლამენტარებმაც დიდი კამპანია დაიწყეს საქართველო მხარდასაჭერად, მაგრამ თუ ჩვენ შევედით ამ კარში, თავისით, ციდან და ჰაერიდან არ ჩამოვარდება სტატუსი.

გზას რომელსაც „ქართული ოცნება“ ადგას, არ მიგვიყვანს ევროპისკენ, ეს არის გზა რუსეთისკენ“-ამბობს გიორგი ვაშაძე, „სტრატეგია აღმაშენებლის“ ხელმძღვანელი.

მისი თქმით, ამ შეხვედრების მიზანია გამოაფხიზლოს საზოგადოება და დაიწყოს ერთიანი დიდი პროცესი იმისთვის რომ რუსეთისკენ მიმავალი საქართველო ისევ ევროკავშირისკენ შემობრუნდეს, „რადგან ეს არის ქართველი ხალხის ნება“-ამბობს გიორგი ვაშაძე.

მისი აზრით, ამის მოხერხება შესაძლებელია მხოლოდ ოპოზიციური ძალების გაერთიანებით. „და ამის ერთ-ერთი მაგალითია დღევანდელი დღეც“-ამბობს ის.

მისი თქმით, საქართველოს 85 პროცენტი პროევროპულია, „ამიტომ, ჩვენი ამოცანაა ეს ადამიანები გავაერთიანოთ და პრორუსული უმცირესობის ანუ „ქართული ოცნების“ მიერ მიტაცებული ძალაუფლება დავუბრუნოთ პროევროპულ უმრავლესობას.

ასეთი შეხვედრებით, უფრო ფართომასშტაბიანი ღონისძიებებით შემოვივლით მთელ საქართველოს. ეროვნული ერთობა კი მოგვიტანს დიდ გამარჯვებას“- ამბობს ვაშაძე.

ზურაბ გირჩი ჯაფარიძის თქმით, ოპოზიციას შეხვედრები ჰქონდა ბრიუსელში, სადაც ითქვა, რომ საქართველო ვერც მომავალ წელს მიიღებს კანდიდატის სტატუსს, რადგან „ქართული ოცნება“ არა თუ არ ასრულებს 12-პუნქტიან დავალებას, არამედ აქვს რეგრესი.

„თუ ვერ მივიღებთ კანდიდატის სტატუსს ეს ქვეყანა გადავა კიდევ უფრო არაპროგრესული ქვეყნების კატეგორიაში და კიდევ უფრო ნაკლებად საინტერესო გახდება სხვებისთვისაც.

საბოლოო ჯამში ეს ნიშნავს რომ ამ ქვეყნის მოქალაქეების საუკუნოვანი ოცნება ვერ შესრულდება და დავრჩებით რუსეთის ჭაობში, რაც არის კატასტროფა“-ამბობს ჯაფარიძე.

მისი თქმით, ოპოზიციას ბრიუსელში გაერთიანებისკენ მიანიშნეს.

„ისინი ადრეც გვეკითხებოდნენ თუ რაში იყო გამოსავალი და სამწუხაროდ, აქამდე არც ჩვენ გვქონა ამ კითხვაზე პასუხი. დღეს კი გვგონია, რომ გამოსავალი არის ოპოზიციური ძალების კონსოლიდაცია და ყველა იმ ადამიანს, რომელსაც რაღაც ტიპის გავლენა აქვს საზოგადოებაზე, ყველა იმ ორგანიზაციას ვინც იბრძვის დემოკრატიისთვის ამ ქვეყანაში, მათი ადგილი არის ამ ერთობაში.

ჩვენ გვაქვს მხოლოდ 2 არჩევანი – ან ქვეყანა შედის რუსულ ჭაობში, ან ჩვენ მივდივართ დასავლეთისკენ“-ამბობს ჯაფარიძე.

ოპოზიციური პარტიების განცხადებით, დღეს „ქართული ოცნება“ ადგას ღალატის გზას და ასრულებს რუსულ დაკვეთას.

„ყველაფერს უნდა დაერქვას თავისი სახელი. „ქართული ოცნება“ რეალურად პრორუსია და სამწუხაროდ, თავის პროევროპელობას რეალურად ჯერ კიდევ ყიდის საზოგადოებაში.

ევროპასა და აზიას შორის იყო ერთადერთი გზა რომელიც გადიოდა რუსეთის მიმართულებით და რომლითაც გადიოდა ნავთობი, გაზი ევროპისკენ, უკრაინაში ომის გამო ყველა საზღვარი დაეკეტა რუსეთს. შესაბამისად, ევროპიდან აზიისკენ და პირიქით, ტრანსპორტირება ვეღარ ხდება რუსეთის გავლით.

როცა გერმანიის კანცლერი ამბობს, „ჩვენ ვერ ავაშენებთ საერთო სახლს რუსეთთან“, ეს არის რუსეთის დასასრული. ამიტომ ერთადერთი ალტერნატიული გზა გადის საქართველოზე და დღეს რუსეთი სწორედ ამ გზის გადაკეტვას ცდილობს, „ქართული ოცნება“ კი ამ სურვილის შესრულებაში ეხმარება“-ამბობს გიორგი ვაშაძე.

„დროას“ ხელმძღვანელის ელენე ხოშტარიას თქმით, დღეს არა მარტო ქვეყნის თავისუფლების გადარჩენა გვიწევს, არამედ საბჭოთა კავშირის ნარჩევების საბოლოოდ ამოძირკვის პროცესიც მიდის, რაც ასევე უნდა გამოვიყენოთ.

„ჩვენი ფუნდამენტური პრობლემა, რომელ სფეროშიც არ უნდა შევიხედო არის საბჭოთა წარსული. საბჭოთა კავშირი ტექნიკურად დაინგრა მაგრამ ბოლომდე არ დანგრეულა მისი შიგთავსი, მისი შინაარსი, სასამართლო სისტემაც კი გვყავს საბჭოური თავისი არსით და აი, ამ საბჭოური ნაშთების ამოძირკვაა ჩვენი ისტორიული ამოცანაც.

რადგან როცა ჩვენმა წინაპრებმა ლანგრით გადმოგცეს დამოუკიდებლობა, მას გაძლიერება, შენარჩუნება და განვითარება სჭირდება“-ამბობს ის.

ელენე ხოშტარიას თქმით, დღეს უკრაინის ომმა ევროპის კარის გახსნამ საქართველო დააყენა არა მარტო ამ ისტორიული ამოცანის, არამედ იმის წინაშეც თუ რომელ კარში შევა ქვეყანა.

„ევროპა თუ ომი“ ეს ჰქონია თურმე მთავარი დილემა ჩვენს ქვეყანას, ასე აყენებს საკითხს „ქართული ოცნება“, მაშინ როცა ასეთი დილემა საერთოდ არ არსებობს.

ევროპა არის მშვიდობა, განვითარება, უსაფრთხოების გარანტია, მაგრამ ამ მახინჯი ფსევდო დილემის თავსმოხვევა მაინც მოახერხა „ქართულმა ოცნებამ“ საზოგადოების გარკვეულ ნაწილზე და ჩვენ ეს ნათლად უნდა ავუხსნათ საზოგადოებას“-ამბობს ხოშტარია.

მასალების გადაბეჭდვის წესი